საია სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირების საკითხს უარყოფითად აფასებს

საია სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირების საკითხს უარყოფითად აფასებს

საიას აზრით სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის შესუსტებას გამოიწვევს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ეხმაურება.

ამასთან დაკავშირებით საია განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულ პროცესს საპარლამენტო კონტროლის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  კანონიდან მე-12 მუხლის 22, მე-4 და მე-7 პუნქტების ამოღება მოხდა, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობის სხდომაზე საკითხის განსახილველად შეტანის, მთავრობის წევრების მიერ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, სხდომაზე გატანილ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობა.  კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მთავრობა უფლებამოსილია იმსჯელოს განსახილველ საკითხზე, თუ სხდომას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს არა საკანონმდებლო აქტი, არამედ რეგლამენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. ამგვარად, აღნიშნული ცვლილებით პარლამენტს ერთმევა უფლება, დაარეგულიროს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და მას მთავრობა და პრემიერ-მინისტრი პარლამენტისაგან დამოუკიდებლად განსაზღვრავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად პარლამენტის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას მთავრობის კონტროლი წარმოადგენს, აღნიშნული ცვლილებით კი საიას აზრით, კიდევ უფრო დაკნინდება პარლამენტის როლი გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა.

„ამასთან ერთად, ცვლილებები აჩენს კითხვებს მისი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციით და კანონით. მთავრობის სხდომა, რაც მიზნად ისახავს განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებას, წარმოადგენს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას (თუ ერთადერთი საქმიანობის ფორმას არა), ამიტომ აღნიშნული სხდომის ჩატარების წესის განსაზღვრა არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, არამედ მთავრობის რეგლამენტით, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ ნორმას“, - აღინიშნა საიას განცხადებაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის შესუსტებას. შესაბამისად,   მოუწოდებს პარლამენტს, თავი შეიკავოს, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესთან დაავშირებით იმგავარი საკანონმდებლო რეგულირების დაწესებისგან, რაც ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ საკონტროლო ფუნქციების სათანადო განხორციელებას.