მოსკოვში გენერალ დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს

მოსკოვში გენერალ დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს

გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ სამ პირს მოსკოვის  პრესნენსკის სასამართლომ 21 აგვისტომდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რუსმა სამართალდამცავებმა გენერალ რომან დუმბაძის მკველობაში სამი ეჭვმიტანილი  რომან ბელქანია, შათა თარუღაშვილი და ალექსანდრე ბერიშვილი  3 ივლისს დააკავა.

„მოსკოვის სისხლის სამართლის საგამოძიებო კომიტეტმა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად დანაშაულზე უშუალო პასუხისმგებლები დააკავა... საგამოძიებო ჯგუფი საგამოძიებო საქმიანობას აწარმოებს სამ საქართველოდან ჩამოსულ პიროვნებასთან“,-ნათქვამია მთავარი საგამოძიებო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიება ვარაუდობს, ბელქანია დუმბაძეს უთვალთვალებდა, თარუღაშვილმა სროლა განახორციელა, ხოლო  ბერიშვილი იმ მოტოციკლზე იჯდა, რომლითაც შემდგომ დამნაშავეები მიიმალნენ. ჯერჯერობით არცერთი მონაწილესთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ბელქანია ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის იმ დროისთვის, როდესაც გენერალი ბელქანია მოკლეს, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ქართველი გენერალი, რომან დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში მოკლეს. მას რუბლიოვსკაიას გზატკეცილზე საკუთარ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დუმბაძეს რამდენიმე ტყვია თავისა და მუცლის არეში მოხვდა და „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.   დამნაშავეები მოტიციკლით მიიმალნენ, რომელიც შემდეგ იქვე ახლოს ეზოში დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებასა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის დაძაბული ურთიერთობების დროს, რომან დუმბაძემ უარი განაცხადა დამორჩილებოდა საქართველოს პრეზიდენტს და ცენტრალურ ხელისუფლებას გაემიჯნა, რისთვისაც მას სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენეს.

სამშობლოს "მოღალატე" გენერალს ქართულმა მართლმსაჯულებამ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გენერალი, დუმბაძე რუსულმა მხარემ 12 ქართველ სამხედრო ტყვეში გაცვალა.