„კოალიცია სამართლიანობისთვის“ ინიციატივით, გაეროს ოფისთან აქცია გაიმართა

„კოალიცია სამართლიანობისთვის“ ინიციატივით, გაეროს ოფისთან აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისთვის“ ორგანიზებით გაეროს ოფისთან საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრო.

აქციაზე ორგანიზატორებმა მიმართვის ტექსტი გამოაქვეყნეს, რომელიც გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერა წარმოადგენს.

აღნიშნული მიმართვა სამოქალაქო საზოგადოებამ გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს მუდმივმოქმედ წარმომადგენლობას გაუგზავნა.

„დევნილების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნების მიმართ გაეროს გენერალური ასამბლეის მდგრადი მხარდაჭერა ერთ-ერთი წინაპირობაა ამ ტრაგედიის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. იმედი გვაქვს, რომ თქვენ მხარს დაუჭრთ ამ რეზოლუციას და ამ გზით თანადგომას გამოხატავთ ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის მიმართ, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში“ - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერს 45 არასამთავრობო ორგანიზაცია.

რეზოლუციის განხილვა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 66 - ე სესიაზე გუშინ გაიმართა. მას მხარი 60-მა სახელმწიფომ დაუჭირა, ხოლო 15 წინააღმდგეგი იყო.