სანდრო ბარამიძე: „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები დაკისრებულ ჯარიმას ვერ გადაიხდიან, მათ ამოდენა ფული არ აქვთ

სანდრო ბარამიძე: „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები დაკისრებულ ჯარიმას ვერ გადაიხდიან, მათ ამოდენა ფული არ აქვთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის სანდრო ბარამიძის განცხადებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ  პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურებათ.

ბარამიძის განცხადებით, პარტიებს უბრალოდ, არ აქვთ ამოდენა თანხა და შესაბამისად,  ვერც გადაიხდიან, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ჯარიმის გადახდის შესაძლებლობაც, რომ ჰქონდეთ არ გადაიხდიდნენ,  რადგან მისი თქმით, ეს სასამართლოს მიერ დადგენილი უკანონო გადაწყვეტილებაა.

„უკანონო დადგენილებებს ისინი ნებაყოფლობით არ ასრულებენ.  ჯარიმის გადაუხდელობის შემდეგ, იძულებითი აღსრულების პროცედურები დაიწყება. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი   სააღსრულებო ბიუროში გადაიგზავნება და ალბათ,  პარტიების ანგარიშებს დააყადაღებენ, მათ  ქონებას აღწერენ  თუ რაიმე გააჩნიათ  და აუქციონზე გაიტანენ. ეს ჩვეულებრივი სტანდარტული მოქმედებაა“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ეს ქმედებები არჩევნებისთვის პარტიების უნარებს შეამცირებს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ სხვა გზები გამოინახება.

„ვთქვათ, მოხალისეობა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო.  სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614,51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო –-თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

მაკონტროლებელი უწყების ინფორმაციით, შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლომ უკანონო შემოწირულობად ცნო.