პაატა ზაქარეიშვილი:  კონფლიქტურ რეგიონებში დაძაბულობას მიხეილ სააკაშვილი არჩევნების ჩასაშლელად ან გადასატანად გამოიყენებს

პაატა ზაქარეიშვილი: კონფლიქტურ რეგიონებში დაძაბულობას მიხეილ სააკაშვილი არჩევნების ჩასაშლელად ან გადასატანად გამოიყენებს

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ქართული მხარის მიერ სოფელ ზარდიანთკარში პოლიციის საგუშაგოს გადაწევის ფაქტს და ოსური მხარის განცხადებას, რომ „ეს არის 2008 წლის ზაფხულის დეჟავიუ“, აფასებს როგორც  საქართველოს ხელისუფლების მცდელობას არჩევნების წინ სიტუაციია გაამძაფროს და დაძაბოს, რომელსაც შემდგომ საპარლამენტო არჩევნების ჩასაშლელად გამოიყენებს.

რა აუცილებლობას წარმოადგენდა ქართული მხარისთვის სოფელ ზარდიანთკარში პოლიციის საგუშაგოს გადაწევა ოსური სოფლებისკენ?

მე ვფიქრობ, ქართული მხარე არჩევნებისთვის ემზადება და ცდილობს მაქსიმალურად გაამძაფროს დაძაბულობა, რომელსაც შემდგომ, არჩევნების წინ გამოიყენებს. ქართულმა მხარემ წარმართული სტრატეგიით მიაღწია იმას, რომ გალის რაიონში შეხვედრები აღარ იმართება და ყოველგვარი კონტაქტები შეწყვეტილია აფხაზურ მხარეთან. ამჯერად ოსური მხარის გაღიზიანებას იწყებს სააკაშვილის ხელისუფლება და სიტუაცია მიჰყავს იქითკენ, რომ ახლა უკვე ოსურმა მხარემ თქვას უარი კონტაქტებზე. ზარანდიანთკარის საგუშაგოს გადატანა სწორედ ამ მიზნით მოხდა, თორემ არანაირ აუცილებლობას ეს არ წარმოადგენს. რაღა მაინცდამაინც არჩევნების წინ გამოიწვიეს მოსახლოებაში დაძაბულობის გამოწვევა და პრობლემების შექმნა? ზოგადად, ლოგიკა არის იმაში, რომ მოსახლოება უნდა დაბრუნდეს, მაგრამ რაღა ახლა უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი? თუ ოსური მხარე უარს განაცხადებს ყოველგვარ კონტაქტზე, მაშინ აღარ იქნება მოპასუხე მხარე და უფრო ადვილად განახორციელებენ ისინი იმ პროვოკაციებს, როგორსაც ახორციელებდა სააკაშვილის ხელისუფლება 2008 წლის აგვისტომდე.

ოსური მხარის განცხადებით, ქართული მხარის ქმედებები 2008 წლის ზაფხულის დეჟავიუს წააგავს. რამდენად არის 2008 წლის აგვისტოს განმეორების შესაძლებლობა?

სწორედ ამის შეგრძნება მაქვს მეც, თუმცა ვფიქრობ, ომი აღარ იქნება, რადგან რუსეთს ეს აღარ აწყობს. რუსეთი ომის გარეშე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ ახერხებდა. ვფიქრობ, უფრო დაძაბულობა იქნება. რუსეთს სამხედრო ოპერაციები არ აწყობს, თორემ ქართული მხარე სიამოვნებით ჩაერეოდა ამ ავანტიურაში და განახორციელდებდა იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში განახორციელა. რუსეთმა უკვე ყველაფერი გააკეთა ომით, რისი გაკეთება და მითვისებაც სურდა.

რას მოიგებს ქართული მხარე არჩევნებამდე სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის ფონის შექმნით და რამდენად რეალურია   დაძაბულობის  კონფლიქტში  გადაზრდა?

იგებს იმას, რომ თუ დაძაბულობა უფრო ინტენსიური გახდება, გამოაცხადებს რუსეთი ჩვენს საქმეებში ერევა. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც დიპლომატიური გზით აგვარებს პრობლემებს. ვიმეორებ, ომი არ იქნება, თუმცა დაძაბულობა აუცილებლად შეიქმნება. თანაც ამ ყველაფერს ემატება რუსეთის სამხედრო წვრთნები კავკასიაში. დაძაბულობის შექმნით სააკაშვილი  არჩევნებიდან კონფლიქტურ რეგიონებზე გადაიტანს ყურადღებას. თუ არ იქნება დაძაბულობა ის ვერაფერზეც ვერ შეძლებს მოსახლოების ყურადღების გადატანას არჩევნებიდან სხვა რამეზე. დაძაბულობას კონფლიქტურ რეგიონებში მიხეილ სააკაშვილი არჩევნების ჩასაშლელად ან გადასატანად გამოიყენებს. არ არის გამორიცხული, რომ ქართული მხარე გართულებებზე წავიდეს და  დაძაბულობის ფონი გაამძაფროს.