ლილოში ერთ-ერთი კომპანიის ქიმიური ავზიდან ქლორმა გაჟონა. გავრცელებული ინფორმაციით, ქლორის გაჟონვა ავზის მწყობრიდან გამოსვლამ და ქლორის ონკანის გაუმართაობამ გამოიწვია. ქლორის გაჟონვის შედეგად არიან დაზარალებულები.
დაზარალებულების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ინტოქსიკაცია 56 ადამიანმა მიიღო.
უმეტესობას მსუბუქი ფორმის მოწამვლა აღენიშნებოდა, ჰქონდათ ჰაერის უკმარისობა. დაზარალებულები, მიმდებარე კორპუსებში მცხოვრებნი, რიგითი მოქალაქეები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა სცადეს, რომლის დროსაც ავზიდან ქლორმა ხელმეორედ გაჟონა, რამაც დაზარალებულთა რიცხვის გაზრდა გამოიწვია. დაზიანებული ავზიდან გამონაბოლქვი წყლის ჭავლის მეშვეობით გააუვნებელყვეს.
დააზარალებულები რეფერალურ საავადმყოფოსა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ასევე მოწამლულ პაციენტთა მისაღებად დედაქალაქის ყველა კლინიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
თბილისის მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას განცხადებით, საავადმყოფოებში გადაყვანა 61 პაციენტს დასჭირდა, მათგან ამ ეტაპზე კლინიკებში 40-მდე ადამიანი რჩება. ერთი ახალგაზრდის, 18 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
"ერთი ავადმყოფის მდგომარეობას ჯერჯერობით ექიმები კრიტიკულად აფასებენ. ის გადმოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ და როგორც ექიმები ამბობენ მოხდა გულის გაჩერება მანქანაში და გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. გაჩერებული გულით იქნა შემოყვანილი კლინიკაში. კლინიკაში მოხერხდა რეანიმაცია და გულის ამუშვება, მაგრამ იმის გამო, რომ ტვინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა იშემიაში მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ჩამოყალიბდა ღრმა კომა და პროგნოზი ჯერჯერობით არასაიმედოა", - განაცხადა ქაცარავამ.
ქლორის გაჟონვის შედეგად, კლინიკაში მოთავსებული მოწამლულები, სააკაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულეს.
საწარმო, რომელშიც ინციდენტი მოხდა, ირანულ კომპანიას ეკუთვნის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით ქლორის , გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ავზიდან.
"გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ავზიდან, რომელიც საბედნიეროდ სავსე არ იყო. ავზს მოძვრა ონკანი და დაიწყო გაჟონვა. დაზარალებულები ძირითადად მიმდებარე კორპუსებში მაცხოვრებლები არიან", - განაცხადა გიორგაძემ.
თემურ გიორგაძის განცხადებით, ამ დროისთვის ავარია ლიკვიდირებულია და ყველა შესაბამისი სამუშაო დასრულებულია.
გიორგაძის ინფორმაციით, ინციდენტის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი მოიწამლა. "ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქლორის შესუნთქვის გამო თავი ცუდად იგრძნო, თუმცა, ამ წუთისთვის ის კარგადაა", - განაცხადა გიორგაძემ.
შემთხვევის ადგილზე მომუშავე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ საფრთხე აღარ არსებობს, რადგან დაზიანებულ ავზს ონკანი შეუცვალეს.