გია ცაგარეიშვილი: მერაბიშვილს გადაუწყვეტია მომავალი 4 წელი ხელგამოწვდილი ატაროს საზოგადოება

გია ცაგარეიშვილი: მერაბიშვილს გადაუწყვეტია მომავალი 4 წელი ხელგამოწვდილი ატაროს საზოგადოება

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ცაგარეიშვილის შეფასებით, მერაბიშვილის ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს ყველა ოჯახისთვის 4 წელზე გაწერილ ათას ლარიანი ვაუჩერის დარიგებას ითვალისწინებს, ქვეყნის ტალონიზაციას ისახავს მიზნად.

როგორც ცაგარეიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, მერაბიშვილს არ აინტერესებს ქვეყნის არც ეკონომიკური ზრდა, არც ჩვენი კეთილდღეობა და არც ინფრასტრუქტურის განვითარება. მისი თქმით, ცხადია, რომ ახალი პრემიერის საქმიანობა მხოლოდ ტალონების დარიგებით შემოიფარგლება.

„ვანო მერაბიშვილი აცხადებს, 4 წლის მანძილზე მოგცემთ 1000 ლარს ანუ 1 წელზე 250 ლარს. ეს კი თვეში 21 ლარი გამოდის. ე.ი. მას მხოლოდ 21 ლარი ემატება თითოეული ოჯახისთვის. ამით კი მან უნდა შეიძინოს სახელმძღვანელო, დიზელი, საწვავი, გადაიხადოს ელექტროენერგია, მერაბიშვილს გადაუწყვეტია მომავალი 4 წელი ხელგამოწვდილი ატაროს საზოგადოება. მე უფრო დიდი წარმოდგენა მქონდა მასზე, მაგრამ ის იგივე შეცდომებს უშვებს, რა შეცდომებიც დაუშვა მისმა წინამორბედებმა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით მერაბიშვილის გზავნილი მხოლოდ ის არის, რომ თუ ხელახლა ამ მთვარობას ავირჩევთ, უფრო მძიმე სოციალურ პირობებში ვიცხოვრებთ და უფრო დიდი სიდუხჭირე და სიღარიბე იქნება ქვეყანაში, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, მოსახლეობისთვის ვაუჩერების სახით 4 წელზე 1000 ლარის დარიგება, სოფლის მეურნეობისთვის 4 მილიარდის გამოყოფა და ჯანდაცვაში 3 მილიარდის ჩადება, ცოტა უცნაურ გათვლებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ის საუბრობს ამ პროგრამების ამოქმედების ვადებზე და აღნიშნავს, რომ ეს წინასაარჩევნოდ ამოქმედებული მორიგი „პოპულიზმია“.

„რატომ დღეს და არა გუშინ ან გუშნინწინ? როცა მოისპო ჯანდაცვა, განადგურდა სოფლის მეურნეობა და როცა მოსახლეობის 70 % უმუშევარი იყო. ეს ყველაფერი საარჩევნო პოპულიზმია. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ პანიკაშია ხელისუფლება. აღარ იციან რა გააკეთონ, რა და როგორ დაპირდნენ მოსახლეეობას, იგონებენ აბსურდულ დაპირებებს, ასახელებენ ასტრონომიულ ციფრებს. გაწვდებიან თუ არა ამას ჩვენი ბიუჯეტით ძნელად წარმომიდგენია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ახალი პრემიერ მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მომავალი წლიდან საქართველოს ყველა ოჯახისთის 4 წელზე გაწერილ ათას ლარიან ვაუჩერის დარიგებას ითვალისწინებს.