მერაბიშვილმა აღმოაჩინა, რომ ხალხს მეტი სარგებელი სჭირდება

მერაბიშვილმა აღმოაჩინა, რომ ხალხს მეტი სარგებელი სჭირდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერებიშვილმა დღეს აღმოაჩინა, რომ ხალხს მეტი სარგებელი სჭირდება. 3 კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად  ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში იმყოფებოდა.

მისი თქმით, ეს ოჯახი შსს-ს კარგად გაკეთებულ შენობასთან ახლოს ცხოვრობს, მათ საცხოვრებელთან კარგი გზა არის მიყვანილი, ლამაზი სახურავი აქვს, მაგრამ ამ ოჯახში ის სიკეთეები არ არის შესული, რაც ქვეყანაშია.

,,ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ თბილისურ ოჯახს იმაზე მეტი არაფერი შემატებია, რაც  ,,ვარდების რევოლუციამდე“ ჰქონდა. ეს ოჯახი 7 წევრიანია, ოჯახის ერთ-ერთ წევრს მიეცემა სადაზღვევო პოლისი, ასევე ოჯახის უმცროს წევრს, რომელსაც ჩემი შვილის სახელი - დათუნა ჰქვია სექტემბრიდან დაზღვევა ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახს ბოლო წლების მანძილზე არაფერი შემატებია მადლობა გადამიხადეს, რომ მათ სახლთან ე.წ. ძველი ბიჭები არ დგანან და ცუდად არ იქცევიან“,  - განაცხადა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა.

მერაბიშვილმა დეპუტატებს ახალი სამთავრობო პროგრამა ,,მეტი სარგებელი ხალხს“ წარუდგინა. სამმა კომიტეტმა სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა.