გიორგი მელითაური: მნიშვნელოვანია არა პიროვნულად ვინ იქნება მინისტრი,  არამედ, ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს

გიორგი მელითაური: მნიშვნელოვანია არა პიროვნულად ვინ იქნება მინისტრი, არამედ, ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს

სამხედრო ექსპერტი, გიორგი მელითაური სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას აცხადებს, რომ ჩვეულებრივ მინისტრების როტაცია ხდება და მისი თქმით, ამაში საგანგაშო არაფერია.

„ბაჩო ახალაია და დიმიტრი შაშკინი ბოლო თანამდებობებზე დაახლოებით, სამი თუ ოთხი წელი იმყოფებოდნენ,  იქამდე სახელმწიფო სტრუქტურებში  სხვა  თანამდებობაზე მუშაობდნენ.  ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები არიან  შესაბამისად, მათ სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნაში  რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავ. ეს ნებისმიერ სახელმწიფოში ჩვვეულებრივი მოვლენაა,  როდესაც ერთი გუნდის წარმომადგენლები სხვადასხვა თანამდებობებზე  ერთმანეთს ცვლიან. პრაქტიკულად,   არამგონია გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს პიროვნებებს, ეს ერთი გუნდია და გუნდურად მუშაობენ“, - განაცხადა მელითაურმა.

მელითაურის თქმით, თავდაცვისა თუ შინაგან საქმეთა მინისტრს სამხედრო განათლება და სამხედრო გამოცდილება არ მოეთხოვება.

„ეს არის პოლიტიკური ფიგურა და უნდა გაატაროს ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფოში მმართველი გუნდი  საჭიროდ მიიჩნევს.  არა აქვს დიდი მნიშვნელობა პიროვნულად ვინ იქნება მინისტრი,   მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური კურსი,  რომელსაც  მმართველი ხელისუფლება ატარებს“, - განაცხადა მელითაურმა.

შესაბამისად, მელითაური მმართველი გუნდის პოლიტიკას ამ მიმართულებებით დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ პრობლემად მხოლოდ დახურული და ნაკლებად გამჭირვალე  ინსტიტუტები რჩება.

„ახალაიას მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა იმ მიმართულებით,  რომ შეიარაღებულმა ძალებმა მაქსიმალურად შეძლო მიახლოებოდა  იმ მოთხოვნებს,  რომელსაც სამხედრო კუთხით  ნატო  გვიყენებს.  ანუ ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდი დადებითად შემიძლია შევაფასო, მაგრამ ამ პერიოდში,  როგორც თავდაცვის უწყება,  ისე სხვა უწყებები  დახურული იყო. სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობებში დიდი ხარვეზებია.  საზოგადოებას სჭირდება მეტი კონკრეტული ინფორმაცია რა ხდება თავდაცვის სისტემაში. ეს უწყება ერთ-ერთი ყველაზე დახურული სისტემა იყო და დღესდღეობითაც  ასე რჩება.  მიმაჩნია, რომ ეს უწყებები მაქსიმალურად უნდა გაიხსნას.  ვნახოთ,  შაშკინის პერიოდში როგორ იქნება“, - განაცხადა მელითაურმა.