ნანა კაკაბაძე:  ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნა ხელისუფლების გზავნილია - „გეშინოდეთ პოლიციის“

ნანა კაკაბაძე: ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნა ხელისუფლების გზავნილია - „გეშინოდეთ პოლიციის“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის შეფასებით, შს მინისტრად  ბაჩო ახალაიას დანიშვნა, ის გზავნილია, რომლითაც ხელისუფლებამ საზოგადოება წინასაარჩევნოდ დააშინა და გააფრთხილა „პოლიცია ყველაფერზეა წამსვლელი და გეშინოდეთ პოლიციის“.

კაკაბაძის განცხადებით, თუ გავიხსენებთ ახალაიას „კრიმინალურ წარსულს“ ყველასთვის ნათელი გახდება თუ რა საფრთხეების წინაშე დადგა ქართული საზოგადოება. მისი თქმით, ეს წარსული მარტო პენიტენციურ სისტემაში მოღვაწეობით არ შემოიფარგლება - როცა ჯარში ჯარისკაცებს ურტყამდნენ და სცემდნენ და ახალაია ყველაფერზე მიდიოდა მათ წინააღმდეგ.

„ის ყველაფერზე წავიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  თავმჯდომარეობის დროს. მის სახელთან არის გაიგივებული  წამების  ახალი ფორმები, რომელიც მან მოსვლის შემდეგ დანერგა. ასევე უსასტიკეს მოპყრობებზე, წამებისა და ღირსების შემლახავ ფაქტებზე ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაციები, რომლითაც კარგად ჩანს რა საფრთხის შემცველია ახალაიას დანიშვნა ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა კაკაბაძემ.  

რაც შეეხება ახალაიას დანიშვნასთან დაკავშრებით პროტესტის ფორმას, კაკაბაძის თქმით, ეს მხოლოდ საერთაშორისო  ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში გამოიხატება. როგორც კაკაბაძე აცხადებს, ამ ქვეყანაში გასაჩივრებას იმ დროსაც არ აქვს აზრი, როცა კანონი ამის საშუალებას იძლევა. ეხლა კი მისი თქმით, პრეზიდენტს ამის უფლება ჰქონდა.

„ეს კანდიდატი მიუღებელია მთელი საზოგადოებისთვის. მაგრამ სასამართლო დონეზე ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს გავაპროტესტოთ. იმიტომ, რომ სასამართლო არანაირ დანაშაულს არ დაუმტკიცებს. თუმცა  საერთაშორისო ორგანიზაციებს დავწრილებით გავაცნობთ მისი წარსულის ყველა კრიმინალურ დეტალს და იმ ფაქტს, რომ დღეს პოლიციაში მისი  გადაყვანა კიდევ ერთხელ ხაზგასმაა, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წავა“, - განაცხადა კაკაბაძემ