ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ვანო მერაბიშვილს პროტესტის ნიშნად არ შეხვდება

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ვანო მერაბიშვილს პროტესტის ნიშნად არ შეხვდება

ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ პროტესტის ნიშნად დღეს სამთავრობო პროგრამის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს და არც მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრას გეგმავს.

ფრაქციის თავმჯდომარის კარლო კოპალიანის განცხადებით, „ერთობა სამართლიანობისთვის“ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს დამღუპველად მიიჩნევს. მისივე თქმით, როდესაც პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე კრიმინალებს ნიშნავს, აზრს კარგავს დიალოგი სოციალურ, ეკონომიკურ და განათლების საკითხებზე.

„ფრაქცია არ აპირებს რომ სადღეგრძელოებით დახუნძლულ 2 დღეში დაწერილ 7 გვერდიანი პროგრამის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს  და ნაციონალურ მოძრაობასთან და მის სატელიტ ფრაქციებთან ერთად  იკეკლუცოს“, - აღნიშნა კოპალიანმა.

ოპოზიციური ფრაქცია არც ხვალინდელ სხდომას დაესწრება და არც მინისტრების დამტკიცებაში მიიღებს მონაწილეობას.

დღეს ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ 16.00 საათზე პარლამნეტში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.