გია ცაგარეიშვილი: მერაბიშვილთან იმ გზავნილებზე დავსვამთ აქცენტებს, რომელიც სააკაშვილთან ერთად საზოგადოებას გაუგზავნა

გია ცაგარეიშვილი: მერაბიშვილთან იმ გზავნილებზე დავსვამთ აქცენტებს, რომელიც სააკაშვილთან ერთად საზოგადოებას გაუგზავნა

მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებით დღეს საპარლამენტო ფრაქციებს "ნაციონალური მოძრაობას", "ქრისტიან-დემოკრატებსა" და ფრაქცია  "ერთობა სამართლიანობისთვის"  შეხვდება. 

როგორც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ერთ -ერთმა ლიდერმა, გია ცაგარეიშვილმა From.ge-ს განუცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ,  დღის განმავლობაში ზუსტად რა დროს მოხდება შეხვედრა  ამ დრომდე არ აქვს. თუმცა მასთან შეხვედრაზე იმ გზავნილებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, რომელიც  მერაბიშვილმა სააკაშვილთან ერთად  საზოგადოებას გუშინ გაუგზავნა.

„ეს შეტყობინებები შეეხებოდა საპროგრამო დებულებებს - ჯანდაცვას, დასაქმებას, სოფლის მეურნეობას. სწორედ ამას შევეხებით ჩვენ, თუ რას აპირებთ ამ მიმართულებებით. გარდა ამისა იმ პოპულიზმის გამოვლინებაზეც გვექნება კითხვები, რომელიც 1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგებაში გამოიხატება“, - განაცხაადა ცაგარეიშილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ახალმა პრემიერმა 2 დღეში დაწერა, რაშიც ცაგარეიშვილის განცხადებით, კარგად გამოჩნდა როგორი „სერიოზულობით“ ეკიდება ის ამ პროგრამას და ქვეყნის მომავლის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას.

როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, მერაბიშვილს ბიუჯეტიდან  პროგრამის დაფინანსების ცოტა „უცნაური“ გათვლები აქვს. მოსახლეობისთვის ვაუჩერებისთვის 4 წელზე 1000 ლარი გამოიყო, ასევე 4 მილიარდი ლარი გამოიყო საქართველოს სოფლის მეურნეობაზე და 3 მილიარდი ლარი ჯანდაცვაზე. სწორედ ამ საკითებზე აპირებს აქცენტების დასმას ცაგარეიშვილი მერაბიშვილთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე.

„მერაბიშვილის გათვლები რას ეფუძვნება ეს არის საინტერესო. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მოვითხოვთ წყაროებს, გვაინტერესებს გამოიწვევს თუ არა ეს მიმდინარე სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებას. ბიუჯეტის დადგენიდან უკვე 6 თვე გასულია და თანხების ფაქტიურად ნახევარი დახარჯულია. ამიტომ საიდან უნდა მოვიძიოთ ეს თანხები? ეს ყველაფერი არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას აღარ ჯერა ამ ხელისუფლების“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.