ქართველი მოცურავე ანა ლომინაძე დარდანელის სრუტეს ხელფეხშეკრული გადასცურავს

ქართველი მოცურავე ანა ლომინაძე დარდანელის სრუტეს ხელფეხშეკრული გადასცურავს

ქართველი მოცურავე ანა ლომინაძე 30 აგვისტოს  დარდანელის სრუტეს შეეჭიდება. 17 წლის ანა  დარდანელის სრუტის გადაცურვას „ხელფეხშეკრული კოლხურით“ აპირებს.

მას „ლაგუნა ვერეზე“  ადამიანი დელფინი, დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე, სრუტეთა მბრძანებელი, კაცი ლეგენდა - ჰენრი კუპრაშვილი ავარჯიშებს. ჰენრი კუპრაშვილმა 2002 წლის 30 აგვისტოს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ქართული სამხედრო-საწრთვნელი წესით, ანუ ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მანამდე კი 2001 წლის 28 იანვარს, სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეს“ აუზში ამავე სტილით ორი კილომეტრი 92 წუთში გაცურა. ამ მოვლენებს მსოფლიოს უპირველესი ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ სამი სიუჟეტით გამოეხმაურა, სპეციალური სიუჟეტები მოამზადა „როიტერმა“, „ასოშიეიტედ პრესმა“, თურქულმა ახალი ამბების სააგენტომ - „იჰლასი“, უკრაინულმა ტელეარხმა „1+1“, ასევე ფართოდ გავრცელდა „ბი-ბი-სის“ „რია-ნოვოსტის“, „იტარ-ტასსის“ და სხვა სააგენტოების ინფორმაციები.

ამჯერად, ანა ლომინაძეს გაუჩნდა სურვილი, გახდეს მსოფლიოში პირველი ქალი, რომლიც ამ სრუტეს გადაცურავს. ცნობილმა ბარიტონმა, ლადო ათანელმა და მისმა მეუღლემ მანანა ჩიქოვანმა ანას 1000 ევრო გადაურიცხეს.