ამ წუთებში მცხეთაში კოალიცია

ამ წუთებში მცხეთაში კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში მცხეთაში კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს   სიტყვით კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში მცხეთელებს და შეკრებილ საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემო საყვარელო ხალხო, მადლობას გიხდით აქ შეკრებისთვის. დღეს თქვენთან შეხვედრა გერგეტიდან დავიწყე, სტეფანწმინდასა და ფასანაურშიც ვიყავი. 14 ივლისს ფშავს ვესტუმრები, ვაჟაობას დავესწრები, ჩარგალში ვაპირებ წასვლას. დუშელებსა და თიანეთელებსაც ვესტუმრები - ყველგან მივალ, ყველას გასაჭირს გავიზიარებ - გპირდებით ამას.

მივესალმები სრულიად საქართველოს: ყაზბეგს, დუშეთს, ჩვენს მოუშუშებელ ტკივილს ახალგორს. დღეს აქ მცხეთაში, უძველეს ქართულ მიწაზე შევიკრიბეთ რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ერთმანეთს. მთისა და ბარის ხალხი გასაჭირმა შეგვყარა. თუ დროზე არ ვუპატრონეთ და მივხედეთ ჩვენი სამშობლოს შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოს. საქართველოს გარდა კი, ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია. ჩემი ხალხის სიყვარულში დავიხარჯები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ქართველებს გაჭირვება შევუმსუბუქო - სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აქციის ბოლოს   ბიძინა ივანიშვილი  რეგიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დუშეთში კოალიციის კანდიდატი ირაკლი ტრიპოლსკი იქნება.

აქციაში რამდენიმე  ათასი ადამიანი მონაწილეობს. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მცხეთაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონები ყაზბეგიდან, თიანეთიდან და დუშეთიდან ორგანიზებულად ჩავიდნენ.

აქციის ოფიციალური ნაწილის შემდეგ კონცერტი გაიმართება, სადაც ბერა ივანიშვილი ახალ სიმღერას შეასრულებს.

მისი თქმით, ერთი იქნება ახალი, რომელიც აქამდე არსად გაჟღერებულა. "ჩვენი ბოლო აქცია ოზურგეთში სასწაული იყო, დღესაც იგივეს ველოდებით. ხალხში საოცარი მუხტია. მე დღეს შევასრულებ სიმღერას "თავისუფლება". სული და გული ჩავდე ამ სიმღერაში და იმედია მსმენელამდე მივიტან იმ ემოციას, რაც ამ სიმღერის წერის დროს ვიგრძენი", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.