დუშეთის გამგებელი  ხალხს  აფრთხილებდა, აქციაზე წასვლა არ გაბედოთო

დუშეთის გამგებელი ხალხს აფრთხილებდა, აქციაზე წასვლა არ გაბედოთო

კოალიცია „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის უფროსის დოდო ჩოხელის განცხადებით, დღეს, დილიდან, დუშეთის ქუჩებში რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები დადიან და მოსახლეობას აფრთხილებენ, „ქართული ოცნების“ მიერ მცხეთაში დაგეგმილ აქციაზე არ წავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის უფროსის, დოდო ჩოხელის ინფორმაციით, დილის 7 საათიდან  დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა დაიწყეს შემოვლა.

"ქუჩის თავიდან ქუჩის ბოლომდე მოჰყვებოდნენ ყველა სახლს, ხსნიდნენ ყველა კარებს და აფრთხილებდნენ  ხალხს, რომ აქციაზე წასვლა არ გაბედოთო. ფარნავაზის ქუჩაზე თვითონ გამგებელი ბესო შაღაშვილი იყო. ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, ჩვენ სიაში არ ვართ ჩაწერილი, არსად არ მივდივართ და რატომ მოვიდნენო. შემოვლაში გამგებლის მოადგილე ნინო ხუციშვილი, ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ჯიმი ჭელიძე და სხვა მოხელეებიც მონაწილეობდნენ“, - აცხადებს დოდო ჩოხელი.