პარლამენტმა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია მიიღო

პარლამენტმა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების შესახებ საქართველოს სტრატეგია მიიღო, რომელიც  თბილისის რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს, დაწყებული ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებით და ხალხთა შორის კონტაქტებით, განათლებით, ჯანდაცვით და ადამიანის უფლებებით დამთავრებული.

პარლამენტის უმრავლესობის განცხადებით, სტრატეგიის მიზანია იმ მიდგომებისა და „რბილი“ პოლიტიკის გამყარება,რაც  საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა, როდესაც მან „გაერთიანებული კავკასიისკენ“ მოუწოდა.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებაზეა ასევე საუბარი დეკემბერში მიღებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის იმ მონაკვეთში, სადაც რუსეთთან ურთიერთობებია განხილული.

სტრატეგიაში ცალკეა გამოყოფილი თავი სახელწოდებით „ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობა“, რომელშიც ნათქვამია, რომ  „რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კავკასიელი ხალხები არაერთხელ ხდებოდნენ ეთნიკური წმენდების, დეპორტაციების და გენოციდის მსხვერპლი“, დოკუმენტის თანახმად,  საქართველო მხარს დაუჭერს ასეთი ფაქტების დეტალურ შესწავლას, მათ შორის "ამ დანაშაულების შესახებ არსებული ინფორმაციის და აღმოჩენილი ფაქტების“ საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობის გზით.

დიასპორის და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სტრატეგიას „საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადაყავს“ და თბილისის პოლიტიკას უფრო გამჭირვალეს და პროგნოზირებადს ხდის, სტრატეგია კი გულისხმობს ჩრდილეოთ კავკასიელი ხალხებისთვის დახმარებას სამეცნიერო და კვლევით საკითხებში. გასულ წელს საქართველო გახდა პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები „გენოციდად“ აღიარა.

უმრავლესობის დეპუტატის აკაკი მინაშვილის აზრით, სტრატეგია არის „ხორცშესხმა“ იმ იდეის, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააჟღერა გაეროს გენერალურ ასამბლეაში, როდესაც ის „გაერთიანებულ კავკასიაზე“ საუბრობდა.

„საქართველო ბუნებრივად ჩამოყალიბდა, როგორც რეგიონის ლიდერი და ის ლიდერია არა იმიტომ, რომ მას გააჩნია შეიარაღებული ძალები... არამედ იმიტომ, რომ მან გაატარა რეფორმები და მიდის ძალიან მტკიცედ განვითარების გზაზე; საქართველომ შეიძინა ე.წ. soft power, ანუ „რბილი ძალა“ და გახდა მიმზიდველი სხვებისთვის“, – განაცხადა მინაშვილმა.   

  

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკის განცხადებით კი, სტრატეგია კარგი კონტრარგუმენტია იმ ოპონენტებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას  ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებენ.

„ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ საქართველოს მიმზიდველობის წახალისება, როგორც განათლების მიღების ადგილი არის ცეცხლთან თამაში. ეს პოლიტიკა ძალიან დადებით გამოხმაურებას ჰპოვებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რომლებიც თავიდან ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ ხოლმე ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს ინიციატივებს ამ რეგიონთან მიმართებაში და ისინი ასევე მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო ცეცხლთან თამაში“,-აღნიშნა კანდელაკმა.