უცხოური დელეგაცია იურიდიული დახმარების ქართულ მოდელს გაეცნო

უცხოური დელეგაცია იურიდიული დახმარების ქართულ მოდელს გაეცნო

 უფასო იურიდიული დახმარების ქართული მოდელის შესასწავლად თბილისს ინდონეზიის, ბანგლადეშისა და უკრაინის წარმომადგენელთა ერთობლივი დელეგაცია ეწვია. სტუმრები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილეს გიორგი არსოშვილს შეხვდნენ, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური და რეგიონული ოფისები მოინახულეს. ვიზიტი „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ ორგანიზებით განხორციელდა.

 გიორგი არსოშვილმა დელეგაციის წევრებს იურიდიული დახმარების რეფორმის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდის მიმართულებით.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ირაკლი კობიძემ, დეტალურად ისაუბრა სამსახურის ფუნქციების, ორგანიზაციაში დასაქმებული იურისტების პროფესიული განვითარებისა და სხვა აქტივობების შესახებ. უფასო საადვოკატო მომსახურების, იურიდიული კონსულტაციებისა და დოკუმენტების შედგენის თავისებურებებს კი სტუმრები მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროში ვიზიტისას გაეცნენ.

ყოველწლიურად, იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით, ათასობით მოქალაქე სხვადასხვა სამართლებრივ პრობლემებს აგვარებს. საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ჩატარებული კვლევების თანახმად, მიღებული სერვისებით კმაყოფილება და სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა საკმაოდ მაღალია.

საქართველოში მოქმედი იურიდიული დახმარების მოდელი პოსტსოციალისტურ სივრცეში სამაგალითოდ ითვლება.

ქართველი სპეციალისტები საკუთარ გამოცდილებას უცხოელ კოლეგებს სხვადასხვა ფორმით უზიარებენ: შარშან, გაცნობითი ვიზიტით, თბილისს ყაზახეთისა და იორდანიის დელეგაციები ეწვივნენ. წელს კი, საქართველოს ინიციატივით, მიიღეს საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც გაერო-ს წევრ-სახელმწიფოებს სისხლის სამართლის საქმეებში უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ავალდებულებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი სწორედ  „ღია საზოგადოების ინსტიტუტია“.