პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთის მხარე გონორით ელაპარაკება დასავლეთს იმიტომ, რომ ფიქრობს რუსეთი უკეთ დაიცავს

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთის მხარე გონორით ელაპარაკება დასავლეთს იმიტომ, რომ ფიქრობს რუსეთი უკეთ დაიცავს

ბოლო პერიოდში აფხაზეთში ჩასულ საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციებს აფხაზური მხარე გონორით ელაპარაკება და აღნიშნავს, რომ თუ ისინი არ შეცვლიან აფხაზებთან ურთიერთობებს, მაშინ შეხვედრებს აზრი არ აქვს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზური მხარე ასე იმიტომ იქცევა, რომ ფიქრობს, რუსეთი უკეთ დაიცავს.

„ანქვაბი მიჰყვება ამ პოლიტიკას იმიტომ, რომ ფიქრობს, ის უფრო მეტად იქნება დაცული რუსეთისგან, უფრო მეტად იქნება ჩართული აფხაზეთი  რუსულ პოლიტიკაში. თუ არჩევანია საქართველო და რუსეთი, ის ირჩევს რუსეთს, თუ არჩევანია აფხაზეთის ინტერესების დაცვა ნებისმიერ სივრცეში, აფხაზებს ურჩევნიათ იილაპარაკონ იმაზე, როგორ აპირებენ ისინი თავის თავის დანახვას საქართველოში. 2006 წელს შამბა ჩამოვიდა თბილისში და ჩამოიტანა თავისი გეგმები საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ, მაშინ ისინი ხედავდნენ საკუთარ თავს საქართველოსთან მიმართებაში, დღეს ამას აფხაზები ვერ ხედავენ.იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ ყველა მიმართულება ჩაკეტა“,- აღნიშნავს კონფლიქტოლოგი.

პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თუ ქართულ-ოსური ან ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები ძველი, დიალოგის ფორმატის რეჟიმში არ გადავიყვანეთ, სიტუაციები არ შეიცვლება.

„საჭიროა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები მოლაპარაკების რეჟიმში გადავიყვანო, საჭიროა ისეთი პოლიტიკის გატარება, რომ აფხაზები ცოტათი მაინც მოვგლიჯოთ რუსეთის და დავაინტერესოთ ევროპული ინტეგრაციით. თუ აფხაზეთის ინტერესები მაქსიმალურად იქნებოდა დაცული ქართულ სივრცეში, თუ ქართული მხარე ხელშეკრულების პირობების არ დაარღვევდა და კოდორში ჯარებს არ შეიყვანდა, ისინი ამ მოლაპარაკებებზე მოდიოდნენ. სანამ სააკაშვილი და მერაბიშვილი 2008 წლის ივლისში კოდორში არ შევიდნენ, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ქართული მხარე დიალოგის რეჟიმიდან სამხედრო თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა. ამის შემდეგ დაძაბულობა და დისტანცირება ქართულ და აფხაზურ მხარებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა. საჭიროა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მოლაპარაკებები ძველი ფორმატით აღსდგეს და მაშინ აფხაზებს სხვა გამოსავალი არ ექნებათ და ისინი ჩაერთვებიან ორმხრივ, თანაბარი პირობების მქონე მოლაპარაკებებში“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.