სააპელაციო სასამართლომ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმების შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმების შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩელი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დღეს სარჩელის განხილვაზე არ დააკმაყოფილა.

როგორც კოალიციის ადვოკატმა, სანდრო ბარამიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი მასალები, ისევე როგორც პირველი ინსტანციის მასალები, არაარგუმენტირებული და დაუსაბუთებელი იყო.

ჩვენი საჩივარი იყო ძალიან კარგად დასაბუთებული, თუმცა, მათ მიერ აცერთი მათგანი არ დაკმყოფილდა. ამის მიზეზი არის მარტივი - საქართველოში არც პირველ და არც მეორე ინსტანციაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო“, - განაცხადა ბარამიძემ.

სააპელაციო სასამართლომ დღეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაქვეყნა. სანდრო ბარამიძის ვარაუდით, წერილობით ნაწილში მათი არგუმენტი ის იქნება, რომ „ის ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამრთლოს“.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას შესაბამისი უწყება გამოტანილი გადაწყვეტილების 1 კვირის თავზე, დაახლოებით 4 ივლისისთვის დაიწყებს.

საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.

სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს - „რესპუბლიკურ პარტიას“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატიულ პარტიას“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ შორის გადანაწილდება.