მაჭავარიანი - საარჩევნო სიის პირველ ნომრად არ განვიხილები

მაჭავარიანი - საარჩევნო სიის პირველ ნომრად არ განვიხილები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი არ იქნება. მაჭავარიანი არ მალავს, რომ რამდენიმე რაიონში მაჟორიტარობის  კანდიდატურებზე ჩამოყლიბებული არ არიან და მათ შორის არის საჩხერე.

როდის დაასახელებენ ნაციონალები მაჟორიტარებს და ვინ ჩაუდგება სიას სათავეში?

From.ge  მიხეილ მაავარიანს ესაუბრა:       

გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი 5 ოქტომბერს აპირებს საპარლამენტო არჩევნების  დანიშვნას, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 ნომერი მოსწონს. მართალია ეს  თუ არა?

- არა, ასე საკრალურად არ ვუყურებთ ამას.

- ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიას სათავეში თქვენ ჩაუდგებით და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიაზრებით ?

-არა.

-  არ შემოუთავაზებიათ თქვენთვის სიის პირველი ნომერობა? თქვენი კანდიდატურა არ განიხილება?

-  არც შემოუთავაზებიათ და არც განიხილება. რაღაც სხვა ვარიანტებზე ვფიქრობთ.

- დავით ბაქრაძე იქნება სიის პირველი ნომერი?

-  რატომაც არ უნდა იყოს?

-  თქვენ განაცხადეთ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებზე მაისის ბოლოს ჩამოყალიბდებოდით და ივნისში დაასახელებდით, რატომ გაიწელა ეს პროცესი?

-  მე, როგორც  პარტიის გენერალური მდივანი ვალდებული ვარ დავასახელო მაჟორიტარები და როგორც კი საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, დავასახელებთ.

-  გორში ვინ იქნება თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი?

-  თითქმის ჩამოყალიბებული ვართ, მაგრამ პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს სრული შემადგენლობა და მერე გეტყვით.

-  არსებობს ინფორმაცია, რომ ნაციონალები 3 რაიონის მაჟორიტარებთან დაკავშირებით არა ხართ ჩამოყალიბებული: გორი, ყაზბეგი და დუშეთი. ასეა?

- არასწორი ინფორმაცია გაქვთ. რამდენიმე რაიონია სადაც ჩვენ რამდენიმე კანდიდატი გვყავს და როგორც კი ჩამოვყალიბდებით, გეტყვით. მოქმედი დეპუტატების დიდი ნაწილი კი უკვე  რაიონებში მუშაობს.

-  საჩხერის მაჟორიტარზე ჩამოყალიბებული ხართ?

-  ერთ-ერთი საჩხერეა, სადაც საბოლოდ ჩამოყალიბებული არა ვართ.