Reuters:  საქართველო ოპოზიციონერი მაგნატის ზოგიერთ აქტივს აყადაღებს

Reuters: საქართველო ოპოზიციონერი მაგნატის ზოგიერთ აქტივს აყადაღებს

Reuters მარგარიტა ანთიძის სტატიას აქვეყნებს სათაურით „საქართველო ოპოზიციონერი მაგნატის ზოგიერთ აქტივს აყადაღებს“, რომელშიც ავტორი ხელისუფლების მიერ „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქონებისა და წილების დაყადაღებას განიხილავს და აცხადებს, რომ ეს ქმედებები კავკასიურ სახელმწიფოში საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობას გაზრდის. სტატიის ქართულ ვარიანტს Foriegnpress.ge გთავაზობთ. 

საქართველოს მთავრობამ ოთხშაბათს მილიარდერი ოპოზიციონერი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ზოგიერთი აქტივი დააყადაღა – მოქმედება, რომელიც სავარაუდოდ ამ კავკასიურ სახელმწიფოში საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობას გაზრდის.

ეროვნული აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილის 100%-ნი წილი ბანკში „ქართუ“, 21.7%-ნი წილი „პროგრეს ბანკში“, ისევე როგორც მისი 100%-ნი წილი სააქციო საზოგადოებაში „ქართუ ჯგუფი“ დაყადაღდა მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ამ თვის დასაწყისში მასზე დაკისრებული მრავალიმილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის აღარ ფლობს წილებს არცერთ კომპანიაში საქართველოში, მას შემდეგ რაც ეს წილები თავის ვაჟს გადასცა. სახელმწიფო დაწესებულებები აცხადებენ, რომ ივანიშვილი დღემდე მესაკუთრეა. უცბად არ გარკვეულა ის, თუ რა ღირდა ჩამორთმეული აქტივები. „საქართველოს ცენტრალურ ბანკს არ ეცნობა არც ქართუ ბანკის და არც პროგრეს ბანკის წილებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ“, ნათქვამია ეროვნული აღსრულების ბიუროს განცხადებაში. ივანიშვილის თქმით, გადაწყვეტილება უკანონოა. „ხელისუფლებას შეუძლია მიიტაცოს ყველაფერი რასაც მოისურვებს, რადგან ის უკვე მოქმედებს ყველანაირი კანონიერი ჩარჩოების მიღმა“, უთხრა მან ჟურნალისტებს.

გასულ კვირაში, პოლიციამ ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანიის კუთვნილი თანამგზავრული თეფშები დააყადაღა იმ ეჭვით, რომ ეს თეფშები ივანიშვილის კოალიციის „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მოპოვების მიზნით რიგდებოდა. კოალიცია არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას უპირისპირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ თვეში სატელიტური თეფშების უფასო დისტრიბუციამ ივანიშვილის სახელით პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი დააღვია, და ის 63.1 მილიონი ლარით (37 მილიონი დოლარი) დააჯარიმა. მეორე საქმეში, ივანიშვილი 11.2 მილიონი ლარით დაჯარიმდა, რამაც მთლიანობაში 74.3 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც ჩანს, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, საქართველოს პარლამენტი დებატების დაწყებას გეგმავს საარჩევნო კოდექსის რეფორმირებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რაც ყველა საკაბელო ოპერატორს დაავალდებულებს ყველა მაუწყებლის გავრცელებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

 56 წლის ივანიშვილმა, რომლის ქონებაც ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად დაახლოებით 6.4 მილიარდი დოლარია, ამ პატარა კავკასიურ რესპუბლიკაში, სადაც 4.5 მილიონი მოსახლეა, ოპოზიციური პარტიები გააერთიანა, მაგრამ საზოგადოებრივი კვლევები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ბევრად ჩამორჩება მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს. სააკაშვილი დასავლეთის ნებიერა გახდა რაც ხელისუფლებაში მოვიდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც 2003 წელს ედუარდ შევარდნაძე დაამხო. მაგრამ მას შემდეგ ოპონენტები მას პოლიტიკური თავისუფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ და აკრიტიკებენ 2008 წელს რუსეთთან საქართველოს ხანმოკლე, დამანგრეველი ომის მართვის გამო.