for.ge-ს ჟურნალისტს თბილისის ფოსტა შსს-დან მოსულ წერილს არ აძლევს

for.ge-ს ჟურნალისტს თბილისის ფოსტა შსს-დან მოსულ წერილს არ აძლევს

ინტერნეტგამოცემა for.ge-ს ჟურნალისტს ნინო მიქიაშვილს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მის სახელზე მოსული წერილის გადაცემაზე თბილისის ფოსტის N79-ე ფილიალი უარს ეუბნება. ამის შესახებ თავად მიქიაშვილისგან შევიტყვეთ. ჟურნალისტმა 29 ივნისს განცხადება საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს ლევან სანაძეს ასეთი შინაარსის განცხადებით მიმართა:

“გთხოვთ, მომცეთ შესაძლებლობა ავიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩემს სახელზე მოსული გზავნილი, რისი აღების შესაძლებლობაც უკანონოდ შემეზღუდა თბილისის N79-ე საფოსტო განყოფილებაში. 28 ივნისს გზავნილის გადმოცემაზე უარი იმ მოტივით მივიღე, რომ მე არ მოვაწერე ხელი ე.წ. პოკეტზე.

საქმე იმაშია, რომ N79-ე საფოსტო განყოფილებაში ვერ მაჩვენეს და ვერ მიმითითეს იმ კანონზე, ან კანონქვემდებარე აქტზე, რომელიც მე, საქართველოს მოქალაქეს მავალდებულებს გზავნილის აღებისას ხელი მოვაწერო ე.წ. პოკეტზე. ზემოთ მითითებული საფოსტო განყოფილების ხელმძღვანელი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ გზავნილის გადაცემისას ელექტრონული ხელმოწერა “არის წესი, ამ წუთას ეს წესი არ მაქვს, მე ჩემს უფროსს ვემორჩილები“.

თბილისის N79-ე საფოსტო განყოფილებაში განცხადების დატოვებაზე უარი მითხრეს და განმიმარტეს, რომ უნდა მიმემართა ცენტრალური ოფისისთვის.

ახლა მე თქვენ ამ განცხადებით მოგმართავთ და  გთხოვთ, უზრუნველყოფთ ჩემი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ითვალისწინებს თბილისის N79-ე საფოსტო განყოფილებაში ჩემს სახელზე მოსული გზავნილის დაუბრკოლებლად აღებას. თუ კანონში ცვლილება შევიდა, ან კანონქვემდებარე აქტი გამოიცა და ვალდებული ვარ ელექტრონული ხელმოწერა დავტოვო გზავნილის აღებისას, მაშინ გთხოვთ, მიმითითოთ ამ ცვლილების, ან კანონქვემდებარე აქტის შესახებ“.

რა პასუხს მიიღებს ჟურნალისტი საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორისგან, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსულ გზავნილს, მიქიაშვილის თქმით, ეს სავარაუდოდ, ეხება მის ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხს, რომლითაც ჟურნალისტმა გაასაჩივრა შსს-ს მხრიდან საჯარო ინფორმაციის დამალვა, 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევის თაობაზე.