საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ქუთაისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლების, დავით გიორხელიძისა და ირმა სარალიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარისწორების ფაქტის გამო შეშფოთება გამოთქვა.
ჭიაბერაშვილის განცახდებით, ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება დაუშვებელია.
„საგანგაშოა, როდესაც ექიმი ან ექთანი ხდება პაციენტის ახლობლების აგრესიის ობიექტი. პერსონალი, რომელსაც ეშინია საკუთარი მოვალეობის შესრულება, ვერ შეძლებს, შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს პაციენტს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილმა ჩეჩელაშვილების ოჯახს ოჯახის წერევი გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, მედპერსონალის მიმართ კი, მხარდაჭერა გამოხატა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქუთაისში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებზე ფიზიკური ანგარიშწორება გუშინ მოხდა. ასათიანის ქ. #145-ში მცხოვრები ჩეჩელაშვილების ოჯახი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს - 112-ს 00:37:22 საათზე დაუკავშირდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ოჯახი პერიოდულად უკავშირდებოდა 112-ს და გამოძახების დაჩქარებას თხოვდა. ოჯახის ბოლო ზარი 00:55:28 საათზე დაფიქსირდა, სადაც ოჯახის წევრებმა ახსენეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე მივიდა მისამართზე.
სამინისტროს ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ავადმყოფი, 84 წლის ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა. 01:02:41 წუთზე 112-ში უკვე თავად სასწრაფო დახმარების ექიმმა დარეკა, საკუთარი ცემის ფაქტი დააფიქსირა და პატრული გამოიძახა. ექიმმა დავით გიორხელიძემ მიღებული დაზიანებებისგან თვალი დაკარგა. მას შესაბამისი ოპერაცია ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ფიზიკური დაზიანებები მიიღო სასწრაფო დახმარების ექთანმა ირმა სარალიძემაც.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.