კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ხვალ მცხეთაში დაგეგმილ აქციას ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი შეუერთდება.
როგორც ძიძიგურმა From.ge სთან საუბარში განაცხადა, პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლები, რომელიც პოლიტიკური ლიდერებისა და ხელოვნების მუშაკებისგან არის დაკომპლექტებული, საზოგადოებასთან შეხვედრებს ამ წუთებშიც მართავენ.
„ამ რეგიონის მოსახლეობა ძალიან აქტიურია, მათი განწყობა კი ამაღლებულია. ამ განწყობით თუ ვიმსჯელებთ, მათი დიდი ნაწილი აუცილებლად შეუერთდება ხვალ დაგეგმილ აქციას და მხარდაჭერას გამოხატავენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ“, - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, ხვალ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასთან ერთად სხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი.
„კონკრეტულად თუ რა სახის ღონისძიებები გვექნება ხვალ მცხეთაში ამას ყველანი ერთად ვნახავთ,“ - დასძინა ძიძიგურმა.
კოალიციის აქცია ხვალ მცხეთაში, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე 19.00 საათზე დაიწყება.