ნუგზარ ერგემლიძე:  მე საერთოდ ჩემი თავი ვიპოვე

ნუგზარ ერგემლიძე: მე საერთოდ ჩემი თავი ვიპოვე

დეპუტატი ნუგზარ ერგემლიძე პარლამენტში გატარებულ წლებს მადლობას ეუბნება და საკუთარ საქმიანობას 7 ქულას უწერს. ერგემლიძე არ აკონკრეტებს დარჩება თუ არა პოლიტიკაში და მხოლოდ იმას ამბობს, რომ სურს ცოტა მეტი დრო ხელოვნებას დაუთმოს.

რა გააკეთა 4 წლის მანძილზე პარლამენტში ყოფნისას?

From.ge ნუგზარ ერგემლიძეს ესაუბრა:

-  პარლამენტში თქვენი თავი იპოვეთ?

-  მე საერთოდ ვიპოვე ჩემი თავი. ჩემი ამომრჩევლისთვის თავი ნაწილობრივ ვიპოვე, თუმცა, ყველაფერი ვერ გავაკეთე.

-  ამ 4 წლის მანძილზე არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ?

-  რატომ არ გავაკეთე?

-  მაგალითად რა გააკეთეთ?

-  პარლამენტარობა მარტო ლაპარაკი არ არის, ბევრ ადამიანს დავეხმარე.

-  როგორ?

-  კარგად.

-  რაში გამოიხატება ეს დახმარება?

-  თანადგომაში. ალბათ არ იცით და აგიხსნით. წერილები მოდის, თუ თხოვნა ან საჩივარი სამართლიანია, მიმართულებას აძლევ, რადგან დეპუტატი ხარ.

-  ბევრი ასეთი წერილი მიიღეთ?

-  ძალიან ბევრი.

-  მაინც რამდენი?

-  არ ვითვლი, შეგიძლიათ კანცელარიაში მიბრძანდეთ და მონაცემები იქ ექნებათ. საერთოდ, მადლს რომ გააკეთებთ, ის არ უნდა დათვალო.მე იმაზე კი არ ვწუხვარ, რაც გავაკეთე, რაც ვერ გავაკეთე იმასზე ვწუხვარ.

-   გასაკეთებელი ბევრი დაგრჩათ?

-  რა თქმა უნდა.

-  ახლა რას აპირებთ?

-  მე ხელოვანი კაცი ვარ, თქვენ რას აპირებთ ეგ უნდა მითხრათ.

-  პოლიტიკაში დარჩებით?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით.

-  რომელიმე პარტიის სიაში იქნებით?

-  სიმართლე რომ გითხრათ მაინც და მაინც აღარ მინდა.

-   რატომ? დეპუტატობა მოსაწყენია?

-  არა. მე ახლა იმ ასაკში ვარ, 57 წლისა ვარ და მინდა ცოტა მეტი დრო ხელოვნებას დავუთმო, მერე სიბერე მოდის. მინდა პარლამენტის წლებს მადლობა ვუთხრა. ამ წლებში გალაქტიონ ტაბიძის 50 ლექსი რუსულად გადავთარგმნე, ახალი რომანი დავწერე.

-  რა ჰქვია თქვენს რომანს?

-  „არმაგედონის მათრახი“, შეიძლება სათაური შევცვალო. ეს არის ჩემი მესამე რომანი, ახალი სიმღერები დავწერე. ვმუშაობ, არ გავჩერებულვარ, ხელოვნება ისეთი რამ არის, თავში რომ დაგარტყამს, მაშინ წერ. მნიშვნელობა არა აქვს რკინიგზაში ხარ, პარლამენტში თუ სხვაგან.

-  პარლამენტის სხდომათა დარბაზში მუზა მოგსვლიათ?

-   კი. სიმღერა - „წარმოიდგინეთ რომ“ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიბადა, ანუ უნდა წარმოიდგინო რა კარგი საქართველო შეიძლება იყოს მომავალში.

-  პარლამენტში თქვენს საქმიანობას 5 ბალიანი სისტემით რა ნიშნით შეაფასებდით?

-  ახლა 10 ბალიანი სისტემაა.

-  კარგით, 10 ბალიანი სისტემით შეაფასეთ?

- 7 ქულას მივცემ, იმიტომ რომ მე-7 პარლამენტია. ზოგიერთი ჩემი ყოფილი კოლეგა გამოდის და ამბობს, ეს პარლამენტი არ ვარგა, გეგონება მათმა პარლამენტმა საქართველო ააშენა.