ალექსანდრე ანქვაბი: საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ხვდებიან, რომ აფხაზეთი უკვე სხვა მდგომარეობაშია

ალექსანდრე ანქვაბი: საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ხვდებიან, რომ აფხაზეთი უკვე სხვა მდგომარეობაშია

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ევროკავშირის დელეგაციის წევრები მიიღო. დელეგაციას სათავეში ევროკავშირის სამოქალაქო დაგეგმარებისა და ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი ჰანსიორგ ჰაბერი უდგას.

შეხვედრას აფხაზეთის მხრიდან აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა, დეფაქტო პრემიერმინისტრი ლეონიდ ლაკერბაია, უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან კუბრავა დაესწრნენ.

დელეგაციის წევრებს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შედეგები და მათ შესახებ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეხედულებები აინტერესებდათ.

ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ხვდებიან იმას, რომ აფხაზეთი უკვე სხვაა.

„საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგატები და დიპლომატები არ ითვალისწინებენ იმას, რომ აფხაზეთი უკვე სხვა მდგომარეობაშია.  აფხაზეთს სხვა სახის დახმარება სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას არ ვცნობთ, უბრალოდ ამ ეტაპმა ჩაიარა.  თუ რაიმე სერიოზულად არ შეიცვლება ჩვენს შორის, ვერ ვხედავ ჩვენი შემდგომი შეხვედრების აზრს“,- განაცხადა ანქვაბმა.