კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "აშშ არა სააკაშვილს ან ივანიშვილს, არამედ ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას უჭერს მხარს".
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის ელჩის საქართველოში ჯონ ბასის განცხადება ნეიტრალური იყო, თუმცა "ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს".
მისი თქმით, ელჩის განცხადება ნეიტრალური იყო და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. "ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ამერიკამ ძალიან კარგად აჩვენა თავისი პოზიცია, ეს მოხდა ობამასთან შეხვედრისას, სადაც სააკაშვილს გარკვევით უთხრეს, დრო გიმთავრდება და არჩევნებით უნდა წახვიდეო. ჰილარი კლინტონისგანაც იგივე მითითება იყო. იმავეს მუდმივად გამოხატავს ელჩი. ამის იქით ქართველებმა უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი. მთავარია არ დაიჯეროთ, რომ ამერიკა მხარს უჭერს სააკაშვილს ან ივანიშვილს. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ დიპლომატები ქმედებებში შეზღუდულები არიან", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ი უძლიერესი სახელმწიფოა, სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება მას არ აქვს. "ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არის ის, რომ ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ უმცროს მეგობრად გვცნო. აშშ-ი ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, გვეხმარება და მხარში გვიდგას, რომ საქართველო დემოკრატიულად განვითარდეს. ამ ერთმა კაცმა ამერიკელების გაცურებაც მოახერხა.
ის არის პროფესიონალი მატყუარა. ვგრძნობ, როგორ ცუდ დღეში ჩაყარა ამერიკის ხელისუფლება, რადგან ეგონათ, რომ სააკაშვილის მთავრობასთან ერთად დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებდნენ და უცებ დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ ეს კაცი არის აბსოლუტურად სხვა. ამერიკელებს ამაში ჩვენ დავეხმარეთ, ჩემი პოლიტიკაში შემოსვლით. მაქსიმალურად ჩამოვხსენით მას ნიღაბი და ახლა გვინდა, ამერიკელებს მოვთხოვოთ, რამე მოუხერხონ ამ კაცს, მაგრამ ამერიკელებიც იმას აკეთებენ, რისი უფლებაც აქვთ, ზედმეტად ვერ ერევიან", - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ აშშ-ის ელჩი რუსეთში ბევრად უფრო მკვეთრ განცხადებებს აკეთებს, ვიდრე ჯონ ბასი - საქართველოში, ივანიშვილის შეფასებით, ამას ის განაპირობებს, რომ "აშშ რუსეთს დემოკრატიულ ქვეყანად არ მიიჩნევს, საქართველოს კი 8 წლის განმავლობაში რეგიონში დემოკრატიის შუქურად თვლიდა".
"შემდეგ ნახეს, რომ სააკაშვილი დიქტატურისკენ მიდის, რომ მას გარკვეულმა ძალამ ნიღაბი ჩამოგლიჯა, თუმცა ამერიკას ერთ წუთში, თუნდაც ერთ თვეში შემობრუნება და სააკაშვილის კრიტიკა არ შეუძლია. ესაა პრობლემა. ამას თავად სააკაშვილიც კარგად ხვდება და ამით სარგებლობს", - განაცხადა ივანიშვილმა.