უფლებადამცველის და ჟურნალისტის კოტე ინაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში მედია-კავშირი „ობიექტივი“ და „წინააღმდეგობის მოძრაობა“ პატიმრების მხარდამჭერ აქციას გამართავს მოთხოვნით: შეწყდეს პატიმრებზე არაადამიანური მოპყრობა.
როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, აქცია მშვიდობიანი და კანონიერი იქნება.
„მოვუწოდებ საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, გავაკეთოთ მობილიზება და კონკრეტულ დღეს ჩვენს რაიონებში თუ ქალაქებში ყველამ ერთდროულად გავმართოთ აქცია საპატიმროებში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით და გამოვხატოთ საზოგადოებრივი პროტესტი. საზღვარგარეთ უამრავი ემიგრანტი ცხოვრობს, რომლებსაც საქართველოში პატიმრები ჰყავს. მოვუწოდებთ ყველა ემიგრანტს, ამ ყველაფრის მიმართ თავიანთი პროტესტი ადგილზე დააფიქსირონ“, – აღნიშნა კოტე ინაშვილმა.
მისი თქმით, ქსნის N15-ე დაწესებულებაში საშინელი ფაქტი მოხდა – გააუპატიურეს ოთხი პატიმარი.
„ამ ფაქტს პატიმრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პეტიციას 693 პატიმარმა მოაწერა ხელი, სადაც აღწერილია არსებული კანონდარღვევები. ამის გამო ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს სასტიკად გაუსწორდა. ნაცემია უამრავი პატიმარი, რომლებსაც წყლით სავსე პლასტმასის ბოთლებით სცემდნენ“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ორივე კოლონიაში შესულია სახალხო დამცველის მონიტორინგის სამსახური და ეცნობიან კონკრეტულ კანონდარღვევბს.
„სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის სამსახური დაგვპირდა, რომ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში საჯაროს გახდის ქსნის N15-ე და რუსთავის N16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ ვითარებას“, –განაცხადა კოტე ინაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება ციხეებში პროვოკაციებს გეგმავს.
„მივმართავ ყველა პატიმარს, გამოიჩინეთ მოთმინება, იყავით ფრთხილად და შეინარჩუნეთ სიმშვიდე’’, – განაცხადა კოტე ინაშვილმა.