„ქომაგი“ : პროკურატურის განცხადება ფონდის სახელის შელახვის მცდელობაა

„ქომაგი“ : პროკურატურის განცხადება ფონდის სახელის შელახვის მცდელობაა

„ქომაგი“ საქართველოს პროკურატურის გუშინდელ განცხადებას  ფონდის სახელის შელახვის მცდელობად აფასებს და განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ, ფონდის საწინააღმდეგოდ განხორციელებული პირველი ქმედება გერმანიაში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაციიდან გადმორიცხული თანხის დაყადაღება იყო, რაც მათი თქმით, მიზნად ფონდის საქმიანობის პარალიზებას ისახავდა.  

„ამის საპასუხოდ,  ფონდმა სხვა სამართლებრივი გზებით შეძლო ხალხის დახმარება. კერძოდ, საზღვარგარეთ მცხოვრებმა კეთილი ნების ადამიანებმა, ფონდის რეკომენდაციით, უშუალოდ მოახდინეს საქართველოს იმ მოქალაქეების ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა, რომლებმაც ფონდს დახმარებისთვის მიმართეს. აღნიშნულზე ხელისუფლების მხრიდან პასუხად მივიღეთ ამ მოქალაქეების საბანკო ანგარიშების დაყადაღება. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეთა ნაწილმა მათი ანგარიშების დაყადაღებამდე მოასწრო თანხის აღება, რამაც გამოიწვია ხელისუფლების მიერ ფონდის მიმართ მომდევნო თავდასხმა, თითქოსდა ფონდს კავშირი ჰქონდეს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან და საქველმოქმედო საქმიანობას ფულის გასათეთრებლად იყენებდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფონდი მოქალაქეების დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აბსურდულსა და უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას, რომელსაც გამოძიება „ქომაგს“ უყენებს. „ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ არის მიმართული ფონდ "ქომაგის" საქველმოქმედო საქმიანობის წინააღმდეგ. რეალურად, ხალხის შსს-ში დაბარების მიზეზი იყო მათი დაშინება და ფონდ „ქომაგის“ სახელის შელახვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე ბოლო დღეებში უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადმორიცხვის მრავალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობენ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები.

„თანხების გადმორიცხვა ხდებოდა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ოფშორული კომპანიების ანგარიშებიდან ისე, რომ თითოეული გადმომრიცხავი თანხას ურიცხავს 5, 10 ან მეტ საქართველოში თანხის მიმღებ, ფონდ "ქომაგში" დარეგისტრირებულ პირს. გადმომრიცხავი ფიზიკური პირები ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა, რიჩარდ ჯეი ტეილორი და სხვები არიან ვანო ჩხარტიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული პირები, რომელთაც არანაირი კავშირი საქართველოსთან არ გააჩნიათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხების მიმღები პირები გუშინვე მოწმის სტატუსით დაიბარა.