გია ცაგარეიშვილი: მცხეთაში დაგეგმილი აქციის წინ განწყობა ისეთივეა, როგორიც გურიაში, იმერეთსა და თბილისში

გია ცაგარეიშვილი: მცხეთაში დაგეგმილი აქციის წინ განწყობა ისეთივეა, როგორიც გურიაში, იმერეთსა და თბილისში

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, გია ცაგარეიშვილის თქმით, 1 ივლისს, მცხეთაში დაგეგმილი აქციის სამზადისი ჯერ არ დასრულებულა და ის ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ცაგარეიშილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, პროცესი ხვალ საღამოსთვის უკვე დასრულებული იქნება.

„ეხლა პატარ-პატარა შეხვედრები მიმდინარეობს. ხვალ დილის 10 საათიდან კიდევ გვექნება შეხვედრები. მათგან 3-4 დიდი შეხვედრა რაიონულ ცენტრში გაიმართება. დღის მეორე ნახევარში საბოლოო სურათი ჩამოგვიყალიბდება. ამის შემდეგ კი, დაახლოებით 4-5 საათისთვის მე და ჩემი კოლეგები კოლონას ჩავუდგებით სათავეში და მცხეთისკეს დავიძვრებით“, - განაცხადა ცაგარეიშილმა.

ცაგარეიშვილის ვარაუდობს, რომ აქციას ხალხის დიდი ნაწილი შეუერთდება. მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონში დაახლოებით 7 ათასი ამომრჩეველია, რომელთაგან დაახლოებით 25 % მივა აქციაზე და აღნიშნა, რომ ეს დაახლოებით1200 მდე ადამიანი შეიძლება იყოს.

„ჩვენ ეხლა საბოლოო ციფრებს ვაჯამებთ. წამოსვლა თითქმის ყველას უნდა, რომელთაც შევხვდით. განწყობა ცალსახაა, ისეთი როგორიც გურიაში, იმერეთსა და თბილისში იყო. ამ რეგიონში ყველა სფერო კატასტროფულ მდგომარეობაშია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეხვდებიან კოალიციის აქციას და ივანიშვილის იქ გამოჩენას“, - აღნიშნავს „ქართული ოცნების“ წევრი.

აქვე ცაგარეიშვილმა განმარტა, რომ შეხვედრები და მზადება ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ დრომდე არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება ორგანიზაციულ საკითხებს თითქმის ყველაფერი მოგვარებული და გადაწყვეტილია.

„ჩვენ სოფლებიდან ორგანიზებულად ჩავიყვანთ ცენტრებში ჩვენს მხარდაჭერებს და ყველა ორგანიზაციული საკითხი  უმაღლეს დონეზე იქნება მოგვარებული, ისე როგორც „ქართულ ოცნებას ეკადრება“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.  

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს უკვე მე-6 დღეა მართავენ. რეგიონში 4 ჯგუფი მუშაობს.