გია ცაგარეიშვილი: თიანეთის მოსახლეობის კატასტროფული მდგომარეობა სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ გამოიწვია

გია ცაგარეიშვილი: თიანეთის მოსახლეობის კატასტროფული მდგომარეობა სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ გამოიწვია

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ზურაბ ზვიადაური, გია ცაგარეიშვილი და თამაზ მეჭიაური თიანეთის რაიონის მოსახლეომას შეხვდნენ. თიანეთელებმა თავისი პრობლემების: უსინათლობის, უგზოობის, უსახსრობის, უმუშევრობის და ახალგაზრდების მიგრაციის შესახებ შესჩივლეს.

როგორც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გია ცაგარეიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამ რეგიონის უმძიმესი მდგომარეობა, მსგავსად სხვა რეგიონებისა, დასაქმებას, მასობრივი უმუშევრობასა და დემოგრაფიულ პრობლემებს უკავშირდება.

მისი თქმით, 6 დღის განმვალობაში ერთი ადამიანიც კი  ვერ მოიძებნა სოფელში ისეთი, რომელსაც სტაბილური სამსახური, ანაზღაურება და ცხოვრების მეტ-ნაკლებად ღირსეული პირობები ექნება.

„ყველა მიმართულებით არის მძიმე მდგომარეობა. გაჩანაგებულია ფერმერული მეურნეობა, ფერმერებს  საკლავის ნატახტარში გადატანას და იქ არსებულ ხორცის საკლავ საწარმოში განთავსებას აიძულებენ, რომელიც მერაბიშვილის კუთვნილებაა. ამას დიდი უკმაყოფილება ახლავს. მოსახლეობის 80% სავალალო მდგომარეობაშია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილის თქმით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა დემოგრაფიული კუთხით გაუარესებული მდგომარეობაა. მისი თქმით, რაიონში სულ 89 სოფელია, რომელთა დიდი ნაწილი დაცლილია.

„ასეთი კატასტროფული სიტუაციაა აქ. ეს კი ნაციონალური მოძრობისა და სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ გამოიწვია. ფაქტიურად მოსპო და გაანადგურა ეს რეგიონი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ოფიციალური მონაცემებით, მაქსიმუმ 7 ათასი ადამიანი მოდის არჩევნებზე, მაგრამ ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ამდენი ადამინი არ ცხოვრობს აქ“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილი ვარაუდობს, რომ 1 ივლისს მცხეთაში დაგეგმილ აქციას ამ ხალხის დიდ ნაწილი, დაახლოებით 25 %  შეუერთდება.