საია მთავრ პროკურატურასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს N 15 დაწესებულებაში  პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებზე  რეაგირებისკენ მოუწოდებს

საია მთავრ პროკურატურასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს N 15 დაწესებულებაში პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქსნის N 15-ე დაწესებულების მსაჯვრდებულთა მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით საიას თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჩუგოშვილის თქმით, საიას ადვოკატები რამდენიმე დღის წინ, იმ 9 მსჯავრდებულს შეხვდნენ,  რომლებმაც სახალხო დამცველს ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე მიაწოდეს. მისი თქმით, აღნიშნული 9 პირი, 24 ივნისს ქსნის N 15 დაწესებულებიდან N 1 დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა განმარტა, რომ პატიმართა გადაყვანის მოტივი დასახელებული არ არის.

„მსაჯვრდებულებმა საიას ადვოკატებთან საუბრისას დაადასტურეს კოლექტიურ განცხადებაში მითითებული ფაქტები და შვიდმა მათგანმა განაცხადა თანხმობა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მეტიც, სამი მსჯავრდებული ბესიკ გულედანი, ზურაბ ნასყიდაშვილი და პაატა მოდებაძე თანახმა არიან, რომ მოხდეს მათი სახელებისა და გვარების გასაჯაროება. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი ამ ეტაპზე თავიანთი ვინაობაის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ. შესაბამისად, მათი ახსნა-განმარტებები გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

დღესვე ჩუგოშვილმა ის კონკრეტული ფაქტები და სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ თანამშრომელთა უკანონო ქმედებები წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, პატიმართა ახსნა-განმარტებებიდან გამოიკვეთა. ესენია:

მსაჯვრდებულთა მოთავსება ნესტიან და ბინძურ აბანოებში რამდენიმე დღის განმავლობაში; სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამოხატული შეურაცხმყოფელი ფრაზებითა და გინებით, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშტებითა და ხელკეტებით ცემა; მსჯავრდებულთათვის კუთვნილი ნივთების უკანონოდ ჩამორთმევა; მსჯავრდებულთათვის ჰიგიენური საშუალებების გადაუცემლობა, მათი შეძენის იძულების მიზნით; დასჯის მიზნით საკნის კარის ჩაკეტვა და მსჯავრდებულთა გადაადგილების შეზღუდვა რამდენიმე დღის განმავლობაში, ასევე სამარტოო საკანში მოთავსება განმარტებების გარეშე; თებერვლის თვეში, სიცივეში პერანგის ამარა მსაჯვრდებულთა იძულებითი მოთავსება ღია ფანჯარასთან; ელექტროშოკური მოწყობილობებით ტკივილის მიყენება მსაჯვრდებულთათვის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში; მსჯავრდებულთა მიბმა ხელებით ლოგინზე; იძულებითი წესით თავის გადაპარსვა. 

გარდა ამისა ჩუგოშვილმა ის კონკრეტული პირებიც დაასახელა, რომელიც მსჯავრდებულთაგან გახდა ცნობილი: მათ შორის დასახელებულები არიან შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, დიმა ჩხეიძე, გელა იოსავა, ასევე, ვინმე ფარჯანაძე, უჩა, კახა და დიმა. ამასთან, საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ მსჯავრდებულები პრეტენზიას ექიმის მიმართაც გამოთქვამენ, ვინაიდან მათი განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფის მიღების შემდეგ უშედეგოდ ითხოვდნენ ექიმთან შეხვედრას. 

„დაუშვებლად მიგვაჩნია მსჯავრდებულთა მიმართ უკანონო და ამავდროულად ღირსებისა და პატივის შემლახავი ქმედებების განხორციელება და მოვუწოდებთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება #15 დაწესებულებაში მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით. ასევე მივმართავათ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო  საგამოძიებო მოქმედება და უზრუნველყოს ფაქტების ეფექტური გამოძიება“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
საია ასევე N 15 დაწესებულების ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ პატიმართა მიმართ უკანონო ქმედებები და აქვე იმედი გამოთქვა, რომ ფაქტების გახმაურება კოლექტიური განცხადების ავტორთა უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის.

აღიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გამოვლენილი დარღვევების წინააღმდეგ "ახალგაზრდა იურისტები" და სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია 2 ივლისს, 17.00 საათზე, ქსნის დაწესებულებასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.