პარლამენტმა Must Carry-ი დაამტკიცა

პარლამენტმა Must Carry-ი დაამტკიცა

Must Carry-ი პრინციპთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა მიიღო.  “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები  საკანონმდებლო ორგანომ 103 ხმით ერთხმად დაამტკიცა.

პროექტის მიხედვით, ავტორიზებული საკაბელო კომპანიები ვალდებულნი ხდებიან არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის წინა დღემდე  ყველა მაუწყებლის ტრანზიტი მოახდინონ.

ამ საკითხის მიღებას პარლამენტში ხანგრძლივი დებატები უძღოდა. საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა, რომ ე.წ. მასთ ქერის  პრინციპის მოქმედების ვადა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელებულიყო, რასაც არ უმრავლესობა არ დასთანხმდა.  

  პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო იმ საკაბელო კომპანიებსა და სატელევიზიო არხებს წაახალისებს, რომლებიც  ე.წ. Must Carry-ის  პრინციპის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც გააგრძელებენ თანამშრომლობას.

„თუ საკაბელო კომპანიები და სატელევიზიო არხები მოახერხებენ შეთანხმებას, რომ თანამშრომლობა გააგრძელონ არჩევნების დასრულების შემდეგაც, როცა ჩვენს მიერ დაკისრებული ვალდებულება დასრულდება, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. სახელმწიფო მათ წაახალისებს”, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე განმარტებით, არჩევნების წინა დღეს სრულდება მხოლოდ სახელმწიფოს ჩარევა კერძო ბიზნესის საქმიანობაში, რაც მოსახლეობისთვის ინფორმაციის წყაროების შეწყვეტას არ ნიშნავს.