ალექსანდრე ვერშბოუმ და დათა ახალაიამ საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრეს

ალექსანდრე ვერშბოუმ და დათა ახალაიამ საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრეს

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრ ვერშბოუ ბათუმში, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ალექსანდრ ვერშბოუმ განუცხადა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს წვლილი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, როგორც ახლა, ასევე - სამომავლოდ. იმსჯელეს, რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე.

„ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და მაქვს საშუალება სიტყვით გამოვიდე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე. თავდაცვის მინისტრ ბატონ ბაჩო ახალაიასთან ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა მქონდა და მადლობელი ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მონაწილეობა ავღანეთის მისიაში და სამომავლო გეგმები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ეს ჩემი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ძალიან კარგი შეჯამება იყო.“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსანდრე ვერშბოუმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიმ კი განაცხადა, რომ საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებს, ასევე საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და პერსპექტივებზე ამ მიმართულებით. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ბატონი ვერშბოუ როცა იყო ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ჩვენ მასთან ერთად დავიწყეთ ცალკეული რეფორმები, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქართველოში და ამ მიმდინარე რეფორმების პროგრესზეც გვქონდა საუბარი. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა.“ - აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ნატოს ეგიდით მიმდინარე  ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ალიანსთან აღებული ვალდებულებების შესრულებასა და საქართველო-ნატოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. თავდაცვის სამინისტრომ სურვილი გამოთქვა ალიანსთან „გონივრული თავდაცვის“ ფარგლებში ითანამშრომლოს და სხვადასხვა მრავალეროვნულ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

 საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დღეს თავდაცვის მინისტრმა  ბაჩო ახალაიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა.  ბაჩო ახალაია აშში-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწეს ენდრიუ ვებერს, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს სელესტ ვოლანდერს, კონტრადმირალ მარკ მონტგომერს და კონფერენციის სხვა მონაწილეებს შეხვდა. ინდივიდუალური შეხვედრების გარდა კონფერენციის ფარგლებში დღეს ავღანეთთან „ვიდეო ხიდი“ გაიმართა.

 ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში 27 ივნისს ჩამოვიდა. დღეს ის, ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება. ვერშბოუს საქართველოში ვიზიტი დღეს საღამოს დასრულდება.