„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“  საკანონმდებლო ნორმის არარსებობის გამო შემოსავლების სამსახურის  მიერ  მცირე მეწარმეთა  დაზარალებაზე საუბრობს

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საკანონმდებლო ნორმის არარსებობის გამო შემოსავლების სამსახურის მიერ მცირე მეწარმეთა დაზარალებაზე საუბრობს

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ შემოსავლების სამსახურის მიერ მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობს. ამის შესახებ ორგანიზაიციის თავმჯდომარემ, თამარ გაბისონიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები იარაღების პარამეტრების დასარეგულირებელი კანონი არ არსებობს და აღნიშნა, რომ ეს ინდივიდუალური მეწარმეების დაზარალებას იწვევს.

„მეწარმეები თავისუფალ სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორცილებენ, რასაც სასამართლოს მიერ მიღებული ფორმალური გადაწყვეტილებები ემატება“ - აღნიშნა გაბისონიამ. 

მისი თქმით, ინდივიდუალურ მეწარმეს, გია ხელაძეს საქართველოში კანონიერად შემოჰქონდა პნევმატური იარაღი, თუმცა 2011 წლის სექტემბრიდან მას საბაჟოზე მოსთხოვეს დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ მის მიერ შემოტანილი საქონელი არ ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს.

„ხელაძე აღნიშნულ დოკუმენტს ვერ წარმოადგენდა, რადგან კანონმდებლობით დღემდე არ არის განსაზღვრული სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები იარაღის მაჩვენებლები“, - აღნიშნავს გაბისონია.

აღნიშნულ საკითხზე ხელაძემ მიმართა შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტს და მოითხოვა მის მიერ შემოტანილი საქონლის განბაჟება, თუმცა მას უარი ეთქვა პნევმატური იარაღის გაფორმებაზე, ვინაიდან შემუშავებული არ არის სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები იარაღის მაჩვენებლები. აღნიშნული ქმედება "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაცია ითხოვდა, რომ შემოსავლების სამსახურს დავალებოდა ხელაძის კუთვნილი საქონლის განბაჟება. 

გასაჩივრების შემდეგ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საკითხის გადახედვა კვლავ შემოსავლების სამსახურს დაავლეს. 

ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს პირს მხოლოდ იმიტომ ადგებოდეს ზიანი, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი ვალდებულება არ შეასრულა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აპირებენ, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ აღნიშნული საკითხი და მოითხოვენ უზენაესმა სასამართლომ დაავალოს შემოსავლების სამსახურს, განაბაჟოს ხელაძის საქონელი.