NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციამ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ისინი კონტროლის პალატას გამჭვირვალე, თანმიმდევრული და სამართლიანი პროცედურების შემუშავებისა და დაცვისკენ მოუწოდებენ. ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ კონტროლის პალატამ გამოძიების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობის წესიც უნდა დაიცვას.
„ყველა გამოძიება უნდა იყოს სიღრმისეული და მიუკერძოებელი. მონიტორინგის პროცესის დროს, თანამშრომლებმა მედიასთან განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ, პროცედურებში გაწერილი უნდა იყოს შემთხვევების მონიტორინგის, პრიორიტეტულობის განსაზღვრის წესი“, - ნათქვამია NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
NDI-ის დელეგაცია კონტროლის პალატას რეკომენდაციებს მედიასთან ურთიერთობის კუთხითაც აძლევს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამსახურმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მკაფიო, გასაგები ინფორმაციის მიწოდების და უფრო გამჭვირვალე მოქმედების გზით, მისი მიკერძოებულ ორგანოდ აღქმა თავიდან უნდა აიცილოს.
„ინტერესთა კონფლიქტის შესახებ შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით კი, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს, რომ არც სამსახურის თავმჯდომარე, არც მისი მოადგილეები და თანამშრომლები არჩევნებში კენჭს არ იყრიან, ან რომელიმე პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიიღებენ მონაწილეობას“,- ნათქვამია ანგარიშში.