პოლიციელის გადაბირებაში ბრალდებულებს, "ქართული ოცნების" აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, ირაკლი პერტენავასა და ზურაბ ფიფიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთი მოწმის ჩვენებას დაეფუძნა, რაც მისი თქმით დაუშვებელია.
აქვე სამუშიამ აღნიშნა, რომ წინასასამართლო სხდომა 20 აგვისტოსთვის ჩაინიშნა.
27 ივნისს შსს-ს თანამშრომლებმა კოალიცია "ქართული ოცნების" აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში.
შსს-ს განცხადებით, ირაკლი პერტენავა და ზურაბ ფიფია ახორციელებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას "გადაბირებას".