ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ელდარ კვერნაძეს საცხოვრებლად ლაზიკა განუსაზღვრა. ეს პარლამენტის სხდომაზე მოხდა, სადაც კვერნაძე და ვეფხვაძე ერთმანეთს შეეკამათნენ.
კვერნაძემ „ქრისტიან–დემოკრატებს“ რეპლიკა ესროლა, რომ მათ სხვადასხვა ქალაქებში არ ჩაუშვებენ. ვეფხვაძემ ელდარ კვერნაძეს „ხურდა“ ტრიბუნიდან დაუბრუნა.
„ბატონო ელდარ, რომელ ქალაქს გულისხმობთ? ლაზიკას? თქვენ იცხოვრეთ ლაზიკაში. მე კი იმედს გამოვთქვამ, რომ ქუთაისში, ბათუმი, ფოთსა და რუსთავში არ ჩაგიშვებენ. იმიტომ, რომ 3 მილიარდამდე თანხა, რომელიც ლაზიკას აშენებას მოხმარდება, ამ ქალაქებს უნდა მოაკლოთ. თქვენ საკუთარი მოქალაქეების უფრო მეტ დაცულობასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე უარი თქვით. ხელისუფლების ძირითადი აქცენტი კი ველური კაპიტალიზმია. ხოლო, ევროპამ 50–60 წლის წინათ ველურ კაპიტალიზმზე უარი თქვა,“ – აღნიშნა ვეფხვაძემ.
იგი ხელისუფლებას ეკითხება მათთვის სამოდელო რატომ არის სინგაპური და არა გერმანია?
„თქვენ სინგაპურის პოლიტიკური სისტემა მოგწონთ? ჩემთვის სამაგალითო გერმანიაა, სადაც ნამდვილი დემოკრატია და სოციალური საბაზრო ეკონომიკაა,“ – აღნიშნა ვეფხვაძემ და გარკვეული მინიშნებაც გააკეთა.
„მოსახლეობას არჩევანი დარჩა – თუ ველურ კაპიტალიზმში ცხოვრება სურს, იმ პოლიტიკურ ძალებს უნდა დაუჭიროს მხარი, რომლებიც ამას ქადაგებენ. ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“, მეორეც იმავე ესთეტიკით გამოირჩევა, როგორც თქვენი პრეზიდენტი, მასაც მინა და მეტალი მოსწონს. ეტყობა პიროვნული შეუთანხმებლობაა თორემ იდეოლოგია, ესთეტიკა, ხედვა აბსოლუტურად ერთნაირი აქვთ, – აღნიშნა ქრისტიან–დემოკრატმა ვეფხვაძემ.