ლევან კალანდაძე:  ქვეყანაში რომ ცხოვრება ძალიან ძვირია, მნიშვნელოვნად  საწვავზე  მონოპოლიითაა განპირობებული

ლევან კალანდაძე: ქვეყანაში რომ ცხოვრება ძალიან ძვირია, მნიშვნელოვნად საწვავზე მონოპოლიითაა განპირობებული

“ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ პრესკონფერენციაზე  ხელისუფლების პოლიტიკა საწვავთან მიმართებაში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობა ნავთობპროდუქტების იმპორტიორი  მონოპოლისტი კომპანიების მიმართ ლობისტურ პოლიტიკას კვლავ აგრძელებს.

კალანდაძის განცხადებით, საწვავის ფასის თემა ძალიან სენსიტიურია და იგი თითოეული ჩვენგანის საოჯახო ბიუჯეტზე ძალიან მტკივნეულად აისახება.

„მოსახლეობა  პროდუქტს რომ  ძვირად ყიდულობს, ტრანსპორტით მგზავრობა  და  ნებისმიერი სახის მომსახურება რომ ძვირი უჯდება,    სოფლების უდიდეს ნაწილში  მიწები რომ დაუხნავი დარჩა   და ზოგადად  ქვეყანაში რომ ცხოვრება ძალიან ძვირია, ეს ყველაფერი საწვავის იმპორტზე მონოპოლიით არის განპირობებული. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთანაც, რომ ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორი ვერ ვითარდება და ხალხი დაუსაქმებელია“, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ეს  საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქად მცხოვრები მოქალაქეებისათვის, ასევე  სოფლად მცხოვრებთათვის.

„ქალაქის მოსახლეობას ზოგადად პროდუქციის სიძვირესთან ერთად უმძიმეს ტვირთად ექცა ტრანსპორტის გაძვირება. ხოლო სოფლად მცხოვრებთათვის  სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების თემა პირდაპირ არის დაკავშირებული საწვავის ფასთან. სწორედ საწვავის სიძვირეა დღეს იმის მიზეზი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი წელს დაუმუშავებელი. საწვავის ბაზარი, განსაკუთრებით ბენზინის და დიზელის საწვავის ბაზარი, დღეს პრაქტიკულად სრულად არის მონოპოლიზებული. ადგილი აქვს კარტელურ გარიგებას მონოპოლიურად მაღალი ფასის დაწესების შესახებ ბაზრის 3 ძირითად მოთამაშეს შორის. ეს კომპანიებია: „გალფი“, „სოკარი“ და „ვისოლი“. შესაბამისად, იმის მიუხედავად, მცირდება თუ არა საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი, ხელისუფლების „ქოლგისა“ და მფარველობის ქვეშ მყოფი ეს კომპანიები, ისევ და ისევ ხელისუფლების ხელშეწყობით, მაინც ინარჩუნებს მონოპოლიურად მაღალ ფასებს საწვავზე“, - განაცხადა კალანდაძემ.

კალანდაძემ აღნიშნა, რომ საწვავის რეალიზატორები ერთ ლიტრ ბენზინში ზემოგების სახით 40 თეთრს, ხოლო დიზელის საწვავში 50 თეთრს იღებენ.

„ბუნებრივია, ამ ზემოგებაში ხელისუფლებას საკუთარი „ინტერესი“ გააჩნია. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა სომხეთის მაგალითი, სადაც საქართველოს ტერიტორიის გავლით შეტანილი საწვავის ფასი საცალო ქსელში ჩვენთან შედარებით 25–30%–ით იაფია. საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ  ხელისუფლებამ  დაუშვას კონკურენცია საწვავის ბაზარზე და კონკურენცია თავად უზრუნველყოფს საწვავის გაიაფებას“, - განაცხადა კალანდაძემ და ხელისუფლებას მოუწოდა უარი თქვას  ქვეყანაში მონოპოლიური და კარტელური პოლიტიკის გატარებაზე.