ქართული ოცნება უწყაბთაშორისი კომისიას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

ქართული ოცნება უწყაბთაშორისი კომისიას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

კოალიცია „ქართული ოცნება“ უწყებათაშორისო კომისიას 1 ივლისს დაგეგმილ საპროტესტო აქციის დროს პოლიციისა და აქციის ორგანიზატორების თანამშრომლობის უზრუნვეველსაყოფად სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით კოალიციამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ შესაბამისი უწყების მიზანი თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად დარღვევების პრევენციისა და ეფექტური აღმოფხვრა უნდა იყოს, რომელსაც ის არასრულფასოვნად ასრულებს.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორების მიერ ღონისძიების ადგილის და დროის შესახებ გაფრთხილების შეტანა ადგილობრივ და სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს მიიღონ განსაკუთრებული ზომები მოქალაქეთა უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად. ნაცვლად ამისა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დღემდე ორგანიზებული მასობრივი აქციების (თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში) დროს არც ღონისძიებისთვის გამოყოფილ ადგილებში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები საერთოდ არ გამოჩენილან. შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოები არათუ არ იღებენ დამატებით ზომებს ათეულობით ათასი მოქალაქის შეკრების და მსვლელობის დროს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ უარს ამბობენ "პოლიციის შესახებ" კანონით მათზე დაკისრებული ყოველდღიური ფუნქციების შესრულებაზეც კი.

 პოლიციის ორგანოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო აღრმავებს ისედაც უკიდურესად გამწვავებულ პრობლემას - სახელმწიფო ხელისუფლებით აღჭურვილი პირების მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენებას მმართველი პარტიის პოლიტიკური მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მიმართ. აღნიშნული პრობლემა მძიმდება იმითაც, რომ ფორმიანი პოლიციელების მიერ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული შეხვედრების ადგილების მიტოვების პარალელურად აქტიურობენ სხვადასხვა ძალოვანი უწყებების სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები (მაგალითად, ორიოდე დღის წინ სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტი).   

 უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა სწორედ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად დარღვევების პრევენციისა და ეფექტური აღმოფხვრისათვის. ამიტომ, მოგმართავთ, მიიღოთ სათანადო ზომები, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა განუხრელად შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციები. კერძოდ, ველით, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ 1 ივლისს ქ. მცხეთაში დაგეგმილი მასობრივი მშვიდობიანი ღონისძიების ჩატარების დროს სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით აღჭურვილი პოლიციის თანამშრომლები აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოქალაქეების უსაფრთხოებას და ტრანსპორტის მოძრაობის და პარკირების ადეკვატურ რეგულირებას.  სათანადო განაცხადით ჩვენ მივმართეთ ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტსაც“, - ნათქვამია „ქართული ოცნების განცხადებაში.