თურქეთი სირიის საზღვართან  სამხედრო ტექნიკას ანთავსებს

თურქეთი სირიის საზღვართან სამხედრო ტექნიკას ანთავსებს

თურქეთმა სირიის სასაზღვრო ზოლთან სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საჰაერო თავდასხმის საწინააღმდეგო დანადგარები განალაგა.  ქალაქ ისქენდერუნში საზენიტო არტილერია გაიგზავნა. სამხედრო ტექნიკა განლაგდა ასევე რეიჰანლისა და შანლიურფუს  რაიონებშიც.

თურქეთსა და სირიას შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 ივნისს სირიის საჰაერო სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს თურქეთის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი RF-4E. სირიის ხელისუფლების მტკიცებით, თურქმა პილოტმა მათ რამდენიმე შეკითხვას პასუხი არ გასცა, თურქული მხარე კი ამტკიცებს, რომ თურქმა პილოტმა მხოლოდ რამდენიმე წუთით გადაკვეთა საჰაერო საზღვარი და მაშინვე უკან შემობრუნდა.

სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებისა და 2 პილოტის დაღუპვის შემდეგ, თურქეთის პრემიერ მინისტრმა  რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განცხადება გააკეთა. „თურქული მხარე მზადაა შეუტიოს სირიის ნებისმიერ სამხედრო განაყოფს, როგორც კი ჩავთვლით, რომ ჩვენს ეროვნული უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრება“,-განაცხადა ერდოღანმა.