ლევან კალანდაძე: რას უკავშირდება საქართველოში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის  მშენებლობის ვადების დარღვევა, ინფორმაციას არ ვფლობ

ლევან კალანდაძე: რას უკავშირდება საქართველოში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის მშენებლობის ვადების დარღვევა, ინფორმაციას არ ვფლობ

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ თურქეთის ეკონომიკის მინისტრის აზფერ ჩაღლაინის განცხადების პასუხად, რომელმაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ახალ „აბრეშუმის გზას“ შეადარა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე  სამუშაოებს ნელი ტემპით აწარმოებს,  განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რას უკავშირდება სამშენებლო ვადების დარღვევა.

„კონკრეტულად რის გამოხდება მშენებლობის ვადების დარღვევა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე საქართველოს ტერიტორიაზე, არ ვიცი. რა ტექნიკური სირთულეები გააჩნია იმ სამშენებლო კომპანიას, რომელიც მაგისტრალის მშენებლობას აწარმოებს, ეს უკავშირდება ტექნიკურ თუ ფინანსურ პრობლემებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. 

რაც შეეხება მაგისტრალის მნიშვნელობას, საქართველო ხდება ერთიანი რეგიონალური მაგისტრალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ამ თვალსაზრისით, ეს  ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, როგორც ტვირთების გატარების თვალსაზრისით,მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთიანი ინფრასტრუქტურის ამოქმედების თავლსაზრისით. მსგავსი საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობების განხორციელება, ინვესტიციების მოზიდვაზე პოზიტიურად უნდა აისახოს და თავად მშენებლობის პროცესში დასაქმებული ადამიანების სოციალური და ეკონომიკური  პრობლემების გადაწყვეტის გარანტი უნდა გახდეს. მნიშვნელოვანია გარეთვე, ქვეყნის შიდა რეგიონალური განვითარების საკითხი, რადგან მოგეხსენებათ, სადაც ეს რკინიგზა გადის, მისი გასვლის გარდა,  ზოგადად ინფრასტრუქტურა ვითარდება, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული ობიექტების, მაგალითად,  კვების, სასტუმროს ინფრასტრუქტურის და სხვა ობიექტების განვითარებასთან.  არა მარტო მაკრო, არამედ მიკრო ჭრილშიც ძალიან პერსპექტიულია იმ რეგიონისთვის, სადაც ეს რკინიგზა გაივლის, აღარ ვლაპარაკობ საქართველოს ჩართულობაზე საერთაშორისო სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში და ა.შ“,- აცხადებს კალანდაძე.