სოფელ დოესში დაკავებულ მამაშვილს სასამართლომ  45 და 35 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სოფელ დოესში დაკავებულ მამაშვილს სასამართლომ 45 და 35 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

კასპის რაიონის სოფელ დოესში დაკავებული მამაშვილი სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე გაასამართლა. ამის შესახებ  შესაბამისი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადების თანახმად, უწყების კასპის რაიონულ სამმართველოში დაწყებულ სამართალწარმოებას საფუძვლად ვებ-გვერდებ  ,,qartli.ge”-ზე  და ,,info9.ge”-ზე განთავსებული ვიდეოჩანაწერი დაედო, რომელშიც ასახულია კასპის რაიონის სოფელ დოესში, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

„ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ამავე სოფელში მცხოვრები გიორგი ოხანაშვილი და ტარიელ ოხანაშვილი სხვა პირების  თანდასწრებით ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ გიორგი რაზმაძეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 2012 წლის 26 ივნისს დაკავებული გიორგი და ტარიელ ოხანაშვილები პოლიციამ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე დააკავა.სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად კი ტარიელ ოხანაშვილს  45 დღით, ხოლო გიორგი ოხანაშვილს 35 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.