ეკა ბესელია: სააკაშვილს ეშინია, რადგან  ხელისუფლებიდან წასვლის აუცილებლობის წინაშე დგას

ეკა ბესელია: სააკაშვილს ეშინია, რადგან ხელისუფლებიდან წასვლის აუცილებლობის წინაშე დგას

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით,  „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განხორიელებული ქმედებები დაჯარიმება, დაყადაღება, ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს შეძახილები და გორის რაიონ სოფელ მერეთში მომხდარი დღევანდელი ინციდენტი  ხელისუფლების მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებებია, რაც მისი თქმით, შიშის გამო ხდება.

„სააკაშვილს ეშინია, რადგან  რეალურად, ხელისუფლებიდან წასვლის აუცილებლობის წინაშე დგას.  ამას ბუნებრივია, ხელისუფლება ძალიან კარგად  აცნობიერებს და  ხედავენ, რომ საზოგადოების მზარდი მხარდაჭერა  „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს აქვს. ამიტომაც ასეთ იაფფასიან პროვოკაციებზე მიდიან,  სურთ  შექმნან ილუზია,  თითქოს საზოგადოებაში არის ჯგუფები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, პროტესტი და ასეთი დამოკიდებულება აქვს“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელია დარწმუნებით აცხადებს, რომ გორში სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ე.წ. ზონდერ ჯგუფები იქნებოდნენ, რომელსაც მისი თქმით, ხელისუფლება მსგავს სიტუაციებში ხშირად იყენებს.

„ბუნებრივია, ბასიშვილის ჯგუფი და სხვა ტიპის არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები ზონდრები, რომლებსაც  ხელისუფლება პროვოკაციების მოსაწყობად იყენებს ხოლმე“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ძალიან აკადემიურ, გაწონასწორებულ, კანონის სრული დაცვით მშვიდ საარჩევნო პოლიტიკას გააგრძელებს და საბოლოოდ, სააკაშვილს წონასწორობიდან გამოიყვანს.

„ალბათ,  წინ გვაქვს კიდევ სურათი, როდესაც რეალურად დაინახავს დანარჩენი მსოფლიო თუ ვინაა ქვეყნის სათავეში ხელისუფლების სახით და ვის ვებრძვით არა „ქართული ოცნება“ არამედ,  ქართველი ხალხი, რათა უკეთესი მომავალი შეიქმნას“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება, სამართლებრივ ბერკეტებს ბესელიას თქმით, ისინი ყველა სამართლებრივ ბერკეტს იყენებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქვეყანაში არაა დარჩენილი არანაირი სამართლებრივი გარანტიები  იმისთვის,  რომ ჩვენ  სამართლებრივად შევძლოთ და შიდა ეროვნულ დონეზე რაიმე შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ ბროძლა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ბესელიამ.