"ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ პრესკონფერენციაზე სოფლებში საჯარო სკოლების შესახებ ისაუბრა და სკოლების უმძიმესი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები წარმოადგინა.
ნაჭყებიას განცხადებით, ხელისუფლების „წარმატებულ რეფორმებში“ ერთ-ერთ მოწინავე ადგილს განათლების რეფორმა და საჯარო სკოლების თითქოს ბევრად გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ „ახალი მემარჯვენეების“ ფართომასშტაბიანმა აქციამ საქართველოს სოფლებში სულ სხვა რეალობა აჩვენა.
„საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონის სოფლებში საჯარო სკოლების მდგომარეობა უმძიმესია. მათი ნაწილის გამოყენება სასწავლო დაწესებულებად საშიშია უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამის დასადასტურებლად ეს სურათებიც საკმარისია. ამ ფოტოებს კომენტარი არ სჭირდება. თუ ვინმეს მაინც დაებადება კითხვა და გაუჩნდება ეჭვი, რომ ეს სკოლის შენობებია, მინდა ვუთხრა, რომ ეს მართლაც სკოლების შენობებია მარტვილის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ხაშურის რაიონებში, რომლებსაც, როგორც თვითონ სოფლების მცხოვრებნი ამბობენ, თავმოყვარე ადამიანი საქონლის დასაბინავებლადაც არ გამოიყენებს. ამის მიხედვით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - სოფელი და მისი სკოლა ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის“, - განაცხადა ნაჭყებიამ.
ნაჭყებიას ეჭვი აქვს, რომ განათლების სამინისტრო ამ შენობების შეკეთებას არც აპირებს.
„მისი სტრატეგია ასეთია: მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის საბაბით ამ სკოლებს დახურვა ემუქრებათ, ისე, როგორც უკვე დაიხურა ბევრი სკოლა საქართველოს რაიონებში და ბავშვებს რამდენიმე კოლომეტრზე ფეხით უწევთ სიარული“,- განაცხადა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, კანონის თანახმად უკვე დაწყებული უნდა იყოს 2013 წლის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესი და საქართველოს მთავრობამ მინიმუმ უნდა გააორმაგოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი თანხები.
„სირცხვილია 21-საუკუნის საქართველოში ასეთი სკოლების არსებობა, დანაშაულია ბავშვები აიძულო ან ასეთ სკოლებში ისწავლონ, ან სკოლამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით იარონ. რაც „ახალმა მემარჯვენეებმა“ სოფლებში სიარული დავიწყეთ, ნაციონალური მოძრაობაც აყვა ამ კამპანიას და თვითონაც დადიან ბევრ სოფელში. მინდა შევთავაზო მათ - მოგაწვდით ამ სოფლების ჩამონათვალს და თქვენი თვალით ნახეთ სკოლების მდგომარეობა. როცა 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიღწეულ არნახულ წარმატებებზე ლაპარაკობთ, იცოდეთ, რომ ამ ბავშვებისთვის სამშობლო აქედან იწყება - საკუთარი სოფლიდან, სადაც მათ არანაირი პირობები არ აქვთ ცხოვრებისთვის, სახლიდან - სადაც სიღარიბე და გაჭირვებაა, სკოლიდან - სადაც სწავლა და ცოდნის მიღება შეუძლებელია“, - განაცხადა ნაჭყებიამ.