ვაკო ავალიანი:   მერეთში დაპირისპირება  სამოქალაქო ფორმაში  გადაცმულმა   კუდის დანაყოფებმა გამოიწვია

ვაკო ავალიანი: მერეთში დაპირისპირება სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა კუდის დანაყოფებმა გამოიწვია

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის და „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ალასანიას პრესსამსახურის უფროსი, ვაკო ავალიანი გორის რაიონის სოფელ მერეთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის,  „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ალასანიას სტუმრობისას მომხდარ ინციდენტს ხელისუფლების ტრადიციულ ქმედებას უწოდებს.

ავალიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილას,  სამოქალაქო ფორმაში გადაცმულ კუდის დანაყოფი იყო მობილიზებული და გაღიზიანებაც სწორედ, შეხვედრაზე მისულმა მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. „სამოქალაქო ფორმაში მობილიზებული კუდის დანაყოფი იმ შეძახილებს და ფრაზებს აჟღერებდნენ, რომელსაც ნუგზარ წიკლაური ხშირად ახმოვანებს.  სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ბევრი  ხალხის დანახვისას შენაერთის გაძლიერება მოახდინეს  და  როდესაც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია გამოჩნდა, ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ  ამ სოფლის აბსოლუტური უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს“, - განაცხადა ავალიანმა.

ავალიანი  ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინციდენტისას დაშავებული რამდენიმე მოქალაქე სოფელ მერეთის მკვიდრია და აღნიშნავს, რომ იმის გამო, რომ უფრო მასშტაბური დაპირისპირების აცილება მომხდარიყო ლიდერებმა სოფელი დატოვეს.

ავალიანის ინფორმაციით,  პოლიცია შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ მისულა.

„პოლიცია ინციდენტის დროს იქ არ მისულა, რადგან  მათ ზუსტად იცოდნენ რა ხდებოდა სოფელში და შესაბამისად მოიქცნენ კიდეც“, - განაცხადა ავალიანმა.

ავალიანის თქმით, როდესაც „ქართული ოცნების“ შეხვედრებზე მოსახლეობის დიდ რაოდენობას ხედავენ,  კუდის თანამშრომლები აგრესიულნი ხდებიან.

„ეს უკვე მათი აპრობირებული ტაქტიკაა, რომელიც არაერთ სოფელში აქვთ გამოყენებული“, - განაცხადა ავალიანმა.