დავით ბაქრაძე:  ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით უნდა მოხდეს

დავით ბაქრაძე: ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით უნდა მოხდეს

 პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით,  საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა სატელევიზიო არხს მიეცემა საშუალება უფრო მეტ ამორჩეველს, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მიაწვდინოს ხმა და სატელევიზიო არხების დაფარვის ზონა გაიზარდოს.

"ეს გულისხმობს, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით მოხდეს. ეს შეეხება ყველა სატელევიზიო არხს და ეს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია. ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, მოუსმინოს ყველანაირ განსხვავებულ აზრს. საბოლოო ჯამში ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, შეიძლება გაჩნდეს  კითხვა, რატომ ხდება ეს საარჩევნო პერიოდში, რაზეც პასუხი ძალიან მარტივია. მისივე განმარტებით, ზოგადად საკაბელო მაუწყებელს და სატელევიზიო მაუწყებელს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება კერძო კომერციული საკითხია.

„სახელმწიფო ბუნებრივია, კერძო ბიზნეს ურთიერთობებში მინიმალურად უნდა ერეოდეს, მაგრამ საარჩევნოდ პერიოდი ძალიან სპეციფიურია თავისი შინაარსით. ეს არის პერიოდი, როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობას და ინფორმაციის თავისუფლებას. სწორედ ამიტომ საარჩევნო პერიოდში ჩვენ შესაძლებლად და მიზანშეწონილად გვესახება, გავაკეთოთ გამონაკლისი და ამ პერიოდში დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები და ტელევიზიები, მიაღწიონ შეთანხმებას იმ მიზნით, რომ ამ დავალდებულებით მოიგოს ჩვენმა ამომრჩეველმა. ხალხს ექნება მთელი სატელევიზიო არხების წვდომისა და ნახვის საშუალება.”, - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით,ხელისუფლების სურვილი და მოტივაცია ამ ინიციატივაზე მუშაობის დროს ის იყო, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე მთლიანად გახსნილი იყოს და ყველა სატელევიზიო არხსა და ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ხალხთან საკუთარი სათქმელის მიტანის საშუალება.

ბაქრაძის თქმით, ამ ინიციატივაზე მუშაობა  უახლოს დღეებში დასრულდება და ქართული საზოგადოება სრულიად კონკრეტულ ინიციატივას იხილავს.  

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მასთ ქერის პრინციპის  დანერგვას კამპანია  “ეს შენ გეხება” მოითხოვს. თუმცა, აქამდე საპარლამენტო უმრავლესობასა და არასამთავრობო სექტორს შორის შეთანხმება ვერ ხერხდებოდა.