გურამ ჩახვაძემ პეტრე მამრაძეს რუპორი უწოდა

გურამ ჩახვაძემ პეტრე მამრაძეს რუპორი უწოდა

ედპ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა  გურამ ჩახვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს პეტრე მამრაძეს რუპორი უწოდა. ეს პარლამენტის სხდომაზე მას შემდეგ მოხდა, რაც მამრაძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და სააკაშვილი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის განხორციელებაში დაადანაშაულა.

„მამრაძე არის რუპორი და მან უნდა თქვას ვისგან მოდის ეს“, - აღნიშნა ჩახვაძემ. მანვე მამრაძის პოლიტიკურ ბიოგრაფი გაიხსენა და დასძინა, რომ იგი თავს კომფორტულად გრძნობდა, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების დროს კანცელარიას ხელმძღვანელობდა.

ჩახვაძის თქმით, მამრაძე თავს კარგად გრძნობდა სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, რადგან ის 2008 წელს ნაციონალური მოძრაობის სიით მოვიდა პარლამენტში.

ედპ-ს წევრის თქმით,  მთელი მსოფლიო და საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და „მამრაძისთვის  კომპეტენტური რუსეთია“.

მან ჯონდი ბაღათურიას მიმართაც გააკეთა განცხადება. „ქართული დასის“ ლიდერმა თურქეთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 25 ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა უკვე მისცეს.

ჩახვაძემ „ფიგაროში“ ივანიშვილის ბოლო ინტერვიუსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ალტერნატივად ნატოს ან რუსეთს მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ საქართველო რუსეთისკენ წავა ტერიტორიებს დაიბრუნებს, რაც პოლიტიკური სპეკულაციაა.

ჩახვაძის შეფასებით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს არ ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის  განმტკიცებას.