საქართველოს პროკურატურა: სხვადასხვა კომპანიების დაყადაღების პროცესი დასრულებულია

საქართველოს პროკურატურა: სხვადასხვა კომპანიების დაყადაღების პროცესი დასრულებულია

კომპანია „ელიტა ბურჯის", კომპლექს „ციცინათელას" და სხვადასხვა კომპანიების საწყობებში არსებული ანტენების დაყადაღების პროცესი ამ ეტაპზე დასრულებულია. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

 განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფრთხილების მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან გრძელდება ამომრჩევლებისათვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემა, რაც დანაშაულად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ამიტომ საქმის შესწავლა და გამოძება გრძელდება.

აღნიშნულ განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 20 ივნისს, დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიუთითებს, რომ კონტროლის პალატის წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან გრძელდება ამომრჩევლებისათვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემა. აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის  მოთხოვნის საფუძველზე, 2012 წლის 21 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოძიებამ დააყადაღა კომპანია „ელიტა ბურჯის", კომპლექს „ციცინათელას" და სხვადასხვა კომპანიების საწყობებში არსებული ანტენები. ამჟამად დაყადაღების პროცესი დასრულებულია.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები   მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პროკურატურა დამატებით გაცნობებთ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.