მიხეილ სააკაშვილი: ყველგან,  სადაც  გაზის მილია,  ბუნებრივი აირი გაზის ბალონის ფასად იქნება

მიხეილ სააკაშვილი: ყველგან, სადაც გაზის მილია, ბუნებრივი აირი გაზის ბალონის ფასად იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხაშურის სოფელ ოსიაურში ახალ აშენებული  გაზსადენი გახსნა.  კომპანია „სოკარმა“ სამუშაოები საპრეზიდენტო პროგრამის „გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში შეასრულა.

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებზე ესაუბრა.

პრეზიდენტმა ხაშურელებს ახალი ინიციატივა გაცნო, რომლის მიხედვითაც,  მოსახლეობას  ბუნებრივი აირის სახლებში შეყვანა განვადებით შეეძლებათ.

„ბალონის გაზზე ვერ აკეთებ  ძალიან ბევრ რაღაცას, რასაც ჩვეულებრივ გაზზე აკეთებ. ბალონის გაზით შეგიძლია ეკონომიურად მხოლოდ საკვები გააკეთო ოჯახისთვის. ამიტომ  ჩვენ გვინდა ბუნებრივი აირი და გვეუბნებიან 400-500 ლარი გადაიხადეთო. მოდით, ასეთი სქემა შევიმუშავოთ, რაც გიჯდებათ თვეში ბალონის გაზი,  ზუსტად იმ თანხა განვადებაში ყოველთვიურად გადაიხადეთ და თქვენ  ბუნებრივი გაზი გექნებთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებითვე, ადრე ადამიანები ბანკებიდან იღებდნენ კრედიტს ახლა კი, თვითონ სოკარმა აიღო კრედიტი.

„ადრე ბანკები აძლევდნენ ადამიანებს კრედიტს, სისხლს წოვდნენ,  რაღაცებს ადებინებდნენ ახლა,  აგერ მყავს სოკარის წარმომადგენელი,  მან ბანკიდან თვითონ აიღო  კრედიტი, თვითონ ჩადო ყველაფერი შიგნით და გაწერს 25 -დან 30 -მდე ლარს  ყოველთვიურად. თქვენ პრაქტიკულად,  ვერაფერს იგრძნობთ და  ყველა ოჯახში ოსიაურში და ყველგან, სადაც გაზის მილია მიყვანილი ბუნებრივი აირი გაზის ბალონის ფასად იქნება“, - განაცახდა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა სოფლის გაზიფიკაციის დასრულების ნიშნად, ადგილობრივ ბავშვებთან ერთად, სიმბოლურად, ჩირაღდანიც აანთო.